ტესტი

ოდესღაც მჯეროდა, რომ ადამიანები ყველაფერს გამიგებდნენ, რასაც ვიტყოდი, მაგრამ თურმე როგორ ვცდებოდი...

ხშირად მიფიქრია თვითმკვლელობაზე. არ ვიცი, რატომ ვიკავებ თავს და წერტილს არ ვუსვამ ამ საშინლად მომაბეზრებელ, რუტინულ, აბსურდულზე აბსურდულ, ყოვლისწამლეკავ საშინელებას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა კოშმარული ზმანება და რომელსაც კომიკური სახელი, ცხოვრება ჰქვია, მაგრამ ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით ვუძალიანდები თვითმკვლელობის საოცრად მიმზიდველ სურვილს. არ მინდა, თავი მოვიკლა. ცოტა რამ თუ მახარებს. მაგრამ არაუშავს, როგორმე გავუძლებ. ერთი დღეც იქნება და...

არა, თავს არასოდეს მოვიკლავ. ეს ცხოვრება მთრგუნავს, საოცრად მთრგუნავს. აბსოლუტურად მარტო ვარ. იცით, ყველაზე მეტად რა მთრგუნავს? ის, რომ არ შემიძლია სათანადოდ ავსახო ამ ცხოვრების საშინელებები. ეს ცხოვრება წარმოუდგენლად საშინელია იმასთან შედარებით, რის აღწერასაც მე ვცდილობ; ჩემი ენა უძლურია, ბოლომდე აღწეროს მთელი ის საშინელებები, რასაც ამ ცხოვრების თუნდაც ერთი ჩვეულებრივი დღე იტევს.

ის აზრი, რომ შემიძლია თავი ყოველთვის მოვიკლა, მე ძალიან მამშვიდებს. ცხოვრებაში არავის ვყვარებივარ. სექსი რაა, პრეზერვატივის გარეშე სექსიც კი იშვიათად მქონია. მითუმეტეს არასოდეს მომიწყვია ორგიები მზეთუნახავებთან ერთად, რომლებსაც უგონოდ ვეყვარებოდი. არა, ვაღიარებ, შესაძლოა, მომიწყვია კიდევ ორგიები მზეთუნახავებთან ერთად, მაგრამ, ჯერ ერთი, ის მზეთუნახავები სულაც არ იყვნენ ისეთი მზეთუნახავები, როგორებიც მე ოდესმე მინატრია და მეორეც, მათ მე არასოდეს ვყვარებივარ ისე, როგორც მე თვითონ შემეძლო მათი შეყვარება. უნდა ვაღიარო: მიხო ამ საკითხშიაც მჯაბნის: ის არასოდეს განიცდის მასთან ორგიებში მონაწილე ქალების სულიერ თუ ფიზიკურ ნაკლოვანებებს და ალბათ როცა დილით რამდენიმე ქალთან ერთად ერთ საწოლში ეღვიძება, ჩემგან განსხვავებით თავის ტკივილისა და დაცემულ “რეიტინგზე” ფიქრის მიუხედავად სერიოზულად სჯერა, რომ სამყაროში გონების მეუფება დამყარდა.

ვერ წარმოიდგენთ, როგორ მშურს მისი!

მიხო ჩემი ამ და ასევე სხვა ნაწარმოებების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პერსონაჟია, ერთგვარი “თანმდევი სული,” რომელიც მარად ჩემთან არის და ყურში ჩამყვირის. ეს არის საოცრად სიცოცხლისუნარიანი ფანტომი, რომელიც მისი დავიწყების შესაძლებლობას საფუძველშივე მისპობს. მარად თანამდევ სულს ვერ ვუწოდებთ მას, მაგრამ სიცოცხლისუნარიანი ნამდვილად არის. მე მისი მშურს. მას კი ჩემი საერთოდ არ შურს და, მე თუ მკითხავთ, სწორადაც იქცევა.

იმ დღეს ჩვეულებრივ გამოვედი გარეთ. მზე, როგორც ბაჯაღლო ოქროს ბირთვი სიცოცხლისაგან ლურჯად ალმურადენილ ცაზე ანათებდა. ვფიქრობდი მიხოზე და კიდევ იმაზე, რომ არავის ვუყვარვარ. ო, ჩემო ლამაზებო, მე ბევრ რამეზე ვფიქრობდი, როგორც მანამდე, როგორც ყოველთვის. ჩემს მხედველობას სკოლის მოსწავლე გოგოების შარვლები და კაბები, ჩემს ყნოსვას მათი ახლადგაღვიძებული სხეულების სურნელი, ჩემს სმენას კი ის უდარდელი სიცილ-კისკისი აღიზიანებდა, რასაც სკოლის მოსწავლე გოგოების სიყვარულმიუკარებელი ბაგეები ამ ასაკში, დილაობით გამოსცემენ ხოლმე. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა, სადმე, სადარბაზოში შემეთრია ეს გოგოები და ყველა მათგანი ერთმანეთის მიყოლებით გამეუპატიურებინა. იქნებ, მაშინ მაინც ესწავლად საკუთარი ცხოვრების, _ იმ წლების სათანადოდ დაფასება, რასაც უკან ვეღარასოდეს დაიბრუნებენ, მაგრამ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ზურგი დავინახე და თავი შევიკავე. ვაკეში პოლიციელები ბუზებივით ირევიან. მათ უყვართ მიხო და სძულთ ჩემნაირი არატრადიციული აზროვნების ტიპები, რომლებსაც არ სწამთ ღმერთი და სექსის მეტი საფიქრალი არ გააჩნიათ. წარმოიდგინეთ, რა მოჰყვებოდა, მე რომ ჩემი სურვილი სინამდვილედ მექცია და ამ გოგოებისათვის პირი ჩემი ვნებების წვენთა ქარიშხლებით გადმომევსო. საშინელება! წარმოდგენაც კი ჭირს, რა მოჰყვებოდა ამას: მშობლების წივილ-კივილი, პოლიციელის ლანძღვა-გინება, გაწევ-გამოწევა, ჩხუბი, მუშტიკრივი, გაკიცხვა და სასჯელი. მერე საპატიმროდანაც ვერ შევძლებდი თავის დაღწევას მართლმადიდებლური ეკლესიის კალთას ამოფარებული იმიტომ, რომ ურწმუნო ვარ და არც თვალთმაქცობა შემიძლია, თითქოს ათეისტი კი არა, მორწმუნე ვიყო. მიხო, მაგალითად, ჩემზე გაცილებით ეშმაკია და მართალია, ფულის ღმერთს უფრო სცემს თაყვანს, ვიდრე იესოს, მოკვდება და მაინც არასოდეს იტყვის, მამონას კულტის ქურუმთაგანი ვარო; იცის, რომ ეს მას რეიტინგს საბოლოოდ დააკარგვინებს, ხოლო რაც შემეხება მე, შეგიძლიათ, ჩემი რეიტინგი თავად ნახოთ და დარწმუნდეთ, თუ რა მოსდევს იმას, როცა გულწრფელი ხარ და თვალთმაქცობა ჭირის დღესავით გეზარება იმის მიუხედავადაც კი, როცა მამონას მსახური არა ხარ.

ამ სკოლის მოსწავლე გოგოების დანახვამ მთლად ჭკუიდან შემშალა. პოტენცია ღარიბი მამაკაცისათვის აბსოლუტურად ზედმეტი ბარგია. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ანგელოზი. როგორც ბიბლია ამტკიცებს, ანგელოზებს სხეული არ გააჩნიათ. ამიტომ, ანგელოზი რომ ვიყო, აღარც ხორციელი ჟინი შემომიტევდა ასე გააფთრებით და აღარც მუდმივად ასეთ საშინელ დეპრესიაში ვიქნებოდი.

ამ დროს ვიღაცამ ძვირადღირებული მანქანით ჩამიქროლა. მანქანას ნომერზე ამ ტიპს სამი ხუთიანი ეწერა. ადვილი შესაძლებელია, ეს მელოტი, ჩოფურა ტიპი ამჟამად ულამაზეს გოგოებს უკმაყოფილებს ახლადგაფურჩქნულ, ახალგაზრდულად ძლიერ ვნებებს. აი, ეს არის საქართველო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ახლადთვალახელილებო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში. უარესი ჯოჯოხეთი ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია.

ასე მივდიოდი ერთხანს ქუჩაში, სანამ მანქანა არ გაჩერდა და ჩემი დიდი ხნის უნახავი ნაცნობი არ დავინახე. ეს ბიჭი ხუთ წელზე მეტი იყო, რაც არ მენახა. გარეგნობით ნამდვილ მუმიას დამსგავსებოდა, მაგრამ მისი მანქანის შემხედვარე მივხვდი, რომ იმაზე მეტი ფული ეშოვა, ვიდრე წინათ ჰქონდა. მან მე ხელი ჩამომართვა და ხალისიანად მომიკითხა:

“აბა, რა ხდება, რა არის შენსკენ ახალი?”

მე ვუპასუხე, დიდი არაფერი-მეთქი და მის გვერდით, მანქანის სავარძელზე ადგილი დავიკავე. ჩვენი დიალოგი რამდენიმე წუთს არაფრისმთქმელი, უშინაარსო ფრაზებით გაგრძელდა, მერე ჩემი ნაცნობი უცებ შემეკითხა:

“შეგიძლია, უკანა სავარძელზე გადაჯდე?”

მე მხრები ავიჩეჩე, კარის სახელურს დავაწექი და ის იყო, წასვლას ვაპირებდი, რომ მან შემაჩერა:

“არ გეწყინოს,” მითხრა მან, “ახლა მე სოციოლოგიურ ტესტს ვატარებ და იმიტომ მინდა, რომ უკან გადაჯდე.”

“რა ტესტს?” ვკითხე მე.

“ერთმა ჟურნალმა ჩაატარა ამასწინათ მსგავსი ტესტი. ამ ჟურნალის თანამშრომლები თბილისში ძვირადღირებული მანქანით დადიოდნენ და ასე ვთქვათ, გოგოებს “აბამდნენ.” ახლა მე ამ ტესტს კიდევ უფრო განვავრცობ. თან პრინციპში ისედაც მაინტერესებს, ნამდვილია თუ არა ამ ტესტის შედეგები. ჟურნალებში, ხომ იცი, ათას სისულელეს წერენ.”

მე მაშინვე გამახსენდა, რის შესახებაც იყო ლაპარაკი. საქმე ის არის, რომ ერთმა ჟურნალმა ცოტა ხნის წინ ნამდვილად ჩაატარა მსგავსი ტესტი; ჟურნალისტებმა იაფფასიან მანქანაში ჩასვეს სიმპათიური ახლგაზრდა ბიჭი, ხოლო ძვირადღირებულში შეუხედავი, ასაკოვანი მამაკაცი. პირველს, რამდენადაც მახსოვს, მანქანაში ათიდან ერთი, ხოლო მეორეს ათიდან რვა გოგო ჩაუჯდა...

“არ მესმის, რა აზრი აქვს ამ ტესტის ჩატარებას,” ვთქვი მე.

“კარგი ერთი, ნუ იცი ხოლმე შენებურად ყველაფერზე შეკამათება. რა აზრი აქვს ამას და დიდი აზრი აქვს. მინდა, პირადად გავარკვიო, რამდენად ცუდი ქალები გვახვევია გარშემო.”

“განა საჭიროა იმის დამტკიცება, რომ ჩვენს გარშემო ძალიან ცუდი ქალები ცხოვრობენ?” ვკითხე მე.

“საჭიროა,” ჯიუტად თქვა მან, “საჭიროა და თანაც მერე როგორ! ხომ ხედავ, რას ვგავარ. ჩემზე უარესი გარეგნობის მამაკაცის პოვნა ძნელია. ახლა მე თავისუფალი დრო მაქვს. ინგლისიდან ახალი ჩამოსული ვარ და ვერთობი. ხოლო ამ გართობა-გართობაში თუ ერთ-ორ გოგოს პატიოსნებაზე ლექციას წავუკითხავ, დროსაც საინტერესოდ გავატარებ და კეთილ საქმესაც გავაკეთებ. ვინ იცის, იქნებ, რამდენიმე ქალს მაინც გავუღვიძო სინდისი.”

“ტყუილი წვალებაა,” ხელი ჩავიქნიე მე, “წლებია, უკვე, რაც სულ ამას ვცდილობ. ჩვენი, მამაკაცების დრო დიდი ხანია, წავიდა. დროება შეიცვალა. ახლა ქალები იღებენ მართვის სადავეებს. ახლა კარგად ის ცხოვრობს, ვისაც ავი მოხუცი კაცებისათვის მიცემა არ ეზარება. ჩვენ, ნამდვილი მამაკაცები ამას ვერასოდეს შევეგუებით იმიტომ, რომ, როგორც ერთმა ფემინისტმა მწერალმა თქვა, ქალებისაგან განსხვავებით, “მოქნილობა გვაკლია” და ახალ გარემოპირობებს ალღოს სწრაფად ვერ ვუღებთ. ჩვენ, ნამდვილი მამაკაცები განადგურებისათვის ვართ განწირულები.”

“მაშ აღარც სათნოება არსებობს, აღარც ადამიანურობა და აღარც სიკეთის რწმენა? როგორი პესიმისტიც წინათ იყავი, ისევ ისეთი დარჩენილხარ, უფრო მეტიც: კიდევ უფრო უარესი გამხდარხარ. შენ არ ლაპარაკობ ხოლმე გენდერულ თანსაწორობაზე, წიგნებს წერ. შენ მე ფემინისტი მეგონე და თურმე ჩვენიანი ყოფილხარ.”

“მე მხოლოდ ვცდილობ, სიმართლის მხარეს ვიყო.”

“მართალია,” დამაცქერდა ის სახეზე, “მაგრამ ამას აბა, ვინ დაგიჯერებს?! ან მე ვინ დამიჯერებს, რომ ცხოვრებაში სიყვარულის მეტი არაფერი მიძებნია?!” ის ჩაფიქრდა, თავი გააქნია და სევდიანად გაიღიმა, “არა, მართლა არავინ დაგიჯერებს, მითუმეტეს ახლა, როცა უკვე არსებობდნენ ადოლფ ჰიტლერი, იოსებ სტალინი... ერთი საუკუნით ადრე რომ გეცხოვრა, ჯერ კიდევ დაგიჯერებდნენ. სიტყვას მაშინ ჯერ კიდევ ფასი ჰქონდა. ახლა კი ჩალის ფასიც კი აღარ გააჩნია, მითუმეტეს ამ ბოლო დროს...”

ეს ჩემი ძველი ნაცნობი საოცრად შემეცოდა. მაგრამ რა უნდა მეთქვა მისთვის, როგორ გამემხნევებინა? ამოვიოხრე და თვალები ძირს დავხარე. ვერ აღგიწერთ, ისე მრცხვენია ხოლმე, როცა ადამიანების მიერ ჩადენილ ღორობაზე ვფიქრობ და კიდევ იმაზე, რაც მათ ბილწ გოგრებში უტრიალებთ.

“ტესტი მაინც უნდა ჩავატარო,” დაჟინებით თქვა მან და სიჩქარის ბერკეტი აამოძრავა. მე უკან ვიჯექი და თვალს ვადევნებდი, როგორ ნერვიულად ატრიალებდა საჭეს. ცოტას გაწყდა, ტროტუარზე მდგარ ჭადარს არ შევეჯახეთ.

მზიანი დღე თანდათან უფერულდებოდა. ცაზე საავდრო, ღია ტყვიისფერი ღრუბლები შეიყარა. ქარი ამოვარდა. სველი, ნესტიანი, მტვრიანი წინწკლები ტანსაცმელზე დაგვეყარა. ფანჯრებს ავუწიეთ და როცა ფალიაშვილის ქუჩაზე გავედით, ჩემმა თანამგზავრმა მანქანა ორ 20-22 წლის გოგოს გაუჩერა.

“დასხედით, სახლში წაგიყვანთ,” უთხრა მან გოგოებს.

გოგოები უთქმელად დასხდნენ. ჩემმა თანამგზავრმა (დამავიწყდა მეთქვა, რომ მას ლადო ჰქვია, ხოლო მე ლუკა) მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა და სახე კიდევ უფრო სევდიანი გაუხდა. ის გოგოებს მიუბრუნდა და გაბრაზებული შეეკითხა:

“რა გქვიათ?”

“მე ნინი, ამას კი თაკო,” უპასუხა გოგომ.

“მე რომ იაფფასიანი მანქანა მყოლოდა, ხომ არ ჩამისხდებოდით?!” ანჩხლი, სასტიკი ხმით შეეკითხა ლადო.

“რატომ ჩაგისხდებოდით, გიჟები კი არა ვართ, იაფფასიან, ბიძურ მანქანაში ჩავსხდეთ,” ტუჩი ასწია ნინიმ.

“აჰა, ესე იგი, ვინც ღარიბია და ვისაც ბევრი ფული არა აქვს, ის არაფრად ვარგა, არა? თქვენ ხომ არ იცით, ვინ ვარ, ასე თამამად მანქანაში როგორ მისხდებით?! დავუშვათ, მაინაკი-კანიბალი ვარ და თქვენი მშვენიერი ფეხებისაგან სოუზი უნდა გავაკეთო, ამაზე არ ფიქრობთ? რომ ენდობით, ვის ენდობით, ხომ უნდა დაფიქრდეთ, არა?”

“აჰა, ესე იგი, ვინც ღარიბია და ვისაც ბევრი ფული არა აქვს, ის არაფრად ვარგა, არა? თქვენ ხომ არ იცით, ვინ ვარ, ასე თამამად მანქანაში როგორ მისხდებით?! დავუშვათ, მაინაკი-კანიბალი ვარ და თქვენი მშვენიერი ფეხებისაგან სოუზი უნდა გავაკეთო, ამაზე არ ფიქრობთ? რომ ენდობით, ვის ენდობით, ხომ უნდა დაფიქრდეთ, არა?”

ნინიმ კარის სახელურს ხელი სტაცა და ხმამაღლა, მბრძანებლური კილოთი დაიყვირა:

“ახლავე გააჩერე მანქანა და კარი გამიღე!”

“არ გაგიღებ კარს,” დაისისინა ლადომ, “იცი, რამდენი ფული მაქვს? არა, შენ იცი, რამდენი ფული მაქვს? კარის გაღება კი არა, თქვენი შეჭმაც რომ მოვიწადინო, პროკურორსაც ვიყიდი, მოსამართლესაც, ჟურნალისტებსაც და მიხოსაც, გამამართლებენ და გარეთ გამომიშვებენ, ერთ წუთსაც კი არ გავატარებ ციხეში. ამიტომ წყნარად ისხედით აქ და სანამ მე არ მომბეზრდება, შეკითხვებზე მიპასუხეთ: რატომ არ გაქვთ სექსი ლამაზ, მაგრამ უფულო ბიჭებთან?”

ნინი მიხვდა, რომ წინააღმდეგობა ამაო იყო. ის შეეშვა კარის სახელურს. ცოტა ხანს გაჩუმებული იჯდა, მერე თავი დახარა და ჩუმად ჩაილაპარაკა:

“ალბათ იმიტომ... ალბათ იმიტომ, რომ მათ ფული არა აქვთ, ჩემო ბატონო.”

ეს ბოლო სიტყვები, “ჩემო ბატონო” ბედის ისეთი მორჩილებით, ისე მაამებლურად წარმოთქვა, რომ სიკვდილი ისევ მომენატრა.

“აჰა, ლოგიკურია, ღარიბებთან იმიტომ არა გვაქვს სექსი, რომ ღარიბებს ფული არა აქვთ. ვერაფერს იტყვი, ლოგიკურად ჩამოყალიბებული წინადადებაა. ნახე, რა ჭკუისკოლოფთან გვაქვს საქმე,” შემომხედა მან და ისევ ნინის მიუბრუნდა, “მერე შენ, ჭკუისკოლოფო, არ იცი, რომ დანაშაულს მხოლოდ მდიდრები სჩადიან? არ გეშინიათ, რომ თქვენ მდიდარ საყვარლებს ან ქმრებს ნაბახუსევზე შემოეჭამოთ?”

“მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია,” მონური მორჩილების კილოთი თქვა ნინიმ და გაიცინა.

“ესე იგი, ფეხებზე გკიდიათ საკუთარი სიცოცხლე, არა?”

“ასე გამოდის,” მხრები აიჩეჩა ნინიმ.

“რატომ?”

“ალბათ იმიტომ, რომ სინამდვილეში არც ოდესმე გვიცხოვრია. ოდესმე რომ გვეცხოვრა და ცხოვრების გემო გაგვეგო, არც ჩვენს სიცოცხლეს დავთმობდით ასე იაფად.”

“მოიცა, მოიცა,” ლაპარაკში ჩავერიე მე, “შენ ამბობ, ცხოვრებას იაფად არ დავთმობდი, მისი გემო რომ ოდესმე გამეგოო, არა?”

ის დამეთანხმა.

“მეორეს მხრივ, შენ ვერც ოდესმე გაიგებ ცხოვრების გემოს, თუ მას იაფად დათმობ, ხომ მეთანხმები?”

ის ისევ დამეთანხმა.

“ჩაკეტილი წრე გამოდის,” ვთქვი მე, “მერე, ვინ უნდა გაარღვიოს ეს ჩაკეტილი წრე, თუ არა ისევ თქვენ თვითონ?”

“ღმერთმა,” თქვა თაკომ და გაიცინა.

“აჰა, მეორე ჭკუისკოლოფმაც ხმა ამოიღო,” თქვა ლადომ, “მერე, თქვენთვის არ უსწავლებიათ, რომ ღმერთი მოკვდა?”

“თუ ღმერთი არ გწამთ, სჯობია, ლაპარაკს აქვე მოვრჩეთ,” ზიზღით თქვა ნინიმ და ინსტიქტურად ისევ სახელურს წაავლო ხელი.

“თქვე ფაშისტებო,” დაიწყო ისევ ლადომ, “თქვენ ხომ სინდისის ნასახი არ გაგაჩნიათ...”

“სინდისი ძალიან რელატივისტური ცნებაა,” თქვა თაკომ.

“აჰა, ესე იგი, რელატივისტურია, არა?” ლადო მთლად გაცოფდა, “ასე პასუხი ყველაფრისათვის მზად როგორ გაქვთ, თქვე ფაშისტებო, თქვენა, ჰა?! მე სანამ ერთ შეკითხვას ვუპასუხებ, ლამის მთელი საუკუნე ვფიქრობ, ესენი კიდევ, გეგონება, დაბეჭდილს კითხულობენო... არა რა!” მომიბრუნდა მე, “შენ რას იტყვი? ლამაზი გოგოები არიან. ფაშისტებს ლამაზი გოგოები ჰყავთ. და იცი, რატომ? კარგად არიან მორგებულები ამ ცხოვრებას და იმიტომ. ცხოვრებისაგან აღარაფერს მოელიან. რაც არის, მათთვის ესეც საკმარისია, ხოლო რაც არ არის იმისთვის არც ჭკუა ჰყოფნით, არც გემოვნება, არც ფანტაზია და არც სხვა რამ. რეალისტები არიან. როცა უნდათ ღმერთზე ილაპარაკებენ, როცა უნდათ რელატივიზმზე, თანაც ისე, თითქოს ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგებოდეს. გაგიჟდები კაცი! შენ დააკვირდი,” მომიბრუნდა ისევ მე, “ვინც კეთილია, ვინც არ უნდა იყოს, ამათთან შედარებით მაინც ულამაზოდ გამოიყურება. კეთილი ფიქრობს, ტყუილი ხომ არ არის, რასაც საკუთარ თავზე ვფიქრობ, იქნებ, მეც ამათნაირი ვარ და არ ვიციო. კეთილს რწმენა აკლია, ესენი კი აფთრებივით ჩასაფრებულები უცდიან, როდის შეეპარება საკუთარ სიკეთეში ეჭვი იმდენად, რომ თავიანთ მხარეს გადაიყვანონ, გასვარონ, დედა მოუტყნან. ბოლოს მაინც თავისას აღწევენ. ბოლო ყოველთვის სიკვდილია.”

ის რამდენიმე ხანს ჩუმად ატარებდა მანქანას. მეც ავლაპარაკდი, თუმცა სრულ აპათიაში ვიყავი:

“ჰიტლერი როცა მოდიოდა ძალაუფლების სათავეში, არავინ აღმოჩნდა, კომუნისტებიდან იქნებოდა თუ სოციალ-დემოკრატებიდან, რომ ის ლაპარაკში მაინც დაეჯაბნა...”

“რა გასაკვირია,” თქვა ლადომ, “მე უკვე აღარაფერი მიკვირს.”

არადა, მას მაინც უკვირდა ყველაფერი, რაც საქართველოში, ამ მსოფლიოს უდიდესი ფაშისტების სამშობლოში ხდებოდა, ქვეყანაში, რომელსაც სტალინის, ბერიასა და მრავალი სხვის, მათ შორის, ალბათ, ჯერაც არდაბადებულებისათვისაც ძუძუ უწოვებია, მაგრამ არ იმჩნევდა.

“ნუთუ ერთი ქალიც არ არსებობს, ვისი სიყვარულიც შეიძლება? იცი, როცა ივან ბუნინის ნაწარმოებებს ვკითხულობ ხოლმე, რა გრძნობა მიპყრობს? შური. მშურს ივან ბუნინის, რომ მას ალბათ ისეთი ქალები ოდესმე მაინც ჰყავდა, როგორებიც მან საკუთარ ნაწარმოებებში აღწერა. ასეთი ქალები (ივან ბუნინის დადებით პერსონაჟ ქალებს ვგულისხმობ!) მე არსად შემხვეედრია. არადა, მათ საპოვნელად სად აღარ ვიყავი, ამერიკიდან დაწყებული, ფიჯის კუნძულებით დამთავრებული.”

ამას, დარწმუნებული ვარ იმიტომ ამბობდა, რომ კახპებში ადამიანური გრძნობები გაეღვიძებინა, მორალური ზემოქმედება მოეხდინა მათზე.

“უნდა ვივარაუდოთ, რომ კარგი ქალებიც არსებობენ სადმე და თანაც ისეთი კარგი ქალები, რომლებსაც საკუთარი სიკეთე შევნით კიდეც.”

“ალბათ,” მწარე ღიმილით დამეთანხმა ის და ნინის მიუბრუნდა:

“მართლა, გოგოებო, აი რა მინდა მეკითხა თქვენთვის: საზღვარგარეთ ყოფილხართ?”

‘საერთოდ, ჩვენ კოლუმბიის უნივერსიტეტში ვსწავლობთ. ეს ისე, ცნობისათვის,” აგდებულად თქვა ნინიმ. მის ხმას მბრძანებლური კილო უბრუნდებოდა. ეტყობა, დარწმუნდა, რომ ლადო მეტნაკლებად უწყინარი (?!) ადამიანი იყო და მისი დამცირება უკვე თავად მოინდომა.

“სტიპენდია გაქვთ?”

“სტიპენდია, რომელიც არაფერში გვყოფნის.”

“და რა თანხას შეადგენს ეგ სტიპენდია?”

“სამიათასექვსას დოლარს. ერთ ამდენს მშობლები გვიგზავნიან და ვართ რა, თავი ასე თუ ისე გაგვაქვს. ერთი ლიტრიანი ბოთლი კოლა ორი დოლარი ღირს, რაზეა ლაპარაკი.”

“ორი დოლარი...” ჩაილაპარაკა ლადომ, მერე მანქანა გააჩერა და ნინის თვალებში შეხედა. ამ დროს თან მარჯვენა ხელით ბორდიური გახსნა და ორმოცდაათფუნტიანების შეკვრა ამოიღო, “აი, ეს არის ფული, რომელიც სულ მარტივად შეგიძლიათ გამოიმუშაოთ. ამისათვის საჭიროა, რომ მე და ჩემს მეგობარს ორივემ მინეტი გაგვიკეთოთ. ას ფუნტს მოგცემთ თითო მინეტში. ვხედავ, საზღვარგარეთ გიცხოვრიათ, ბავშვები აღარ ხართ, თან ფული გჭირდებათ. წესით, უნდა მოვრიგდეთ. აბა, თქვენ რა, გეგონათ, მე და ჩემი მეგობარი მართლა მორალის დამცევლი კარგი ტიპები ვართ და უსიყვარულო სექსი ტრაგედიად მიგვაჩნია? უბრალოდ, ასეთი ტაქტიკა გვაქვს ორივეს. ამას ჰქვია სწრაფი ნდობა კონფლიქტების მეშვეობით.”

“ვიცით, ჩვენც წაგვიკითხავს ამაზე წიგნები. ფსიქოლოგები ვართ,” თქვა თაკომ.

ეტყობოდა, ორივე გოგო სრული იდიოტი იყო.

“მოკლედ, გაგვიკეთებთ მინეტს და მიიღებთ ას-ას ფუნტს. მართალია, ამ ბოლო დროს ფუნტი გაუფასურდა, მაგრამ ასი ფუნტი ხუმრობა მაინც არ არის მაშინ, როცა რამდენიმე წუთში შეგიძლიათ გამოიმუშაოთ.”

ამ დროს ჩვენ ქალაქს გავცდით და კახეთის გზატკეცილზე გავედით. ლადომ მანქანა გააჩერა და ფანჯარას ჩაუწია. წვიმამ გადაიღო და სალონში ირგვლივ სველი, დამწვარი ნაგვის სუნი დადგა.

“ას ფუნტად შეიძლება, მაგრამ საქმე ის არის, რომ მინეტი ცხოვრებაში ჯერ არავისთვის გამიკეთებია...” ეს ისე ხმადაბლა თქვა ნინიმ, რომ ძლივს გავიგონე.

“შენ რას იტყვი?” მიუბრუნდა ლადო თაკოს.

“მეც იგივეს,” ხმადაბლა თქვა თაკომ.

ამ დროს ჩვენს უკან პოლიციის პატრულის მანქანა გაჩერდა. მანქანიდან მორიგე ინსპექტორი გადმოვიდა და ჩვენსკენ გამოემართა.

“სალამი,” თქვა მან თავაზიანად, “რამე ხომ არ გიჭირთ?”

“არა, არაფერი,” უპასუხა ლადომ.

“ვიფიქრე, რამე ხომ არ უჭირთ-მეთქი,” თქვა მორიგე ინსპექტორმა, “ამ ადგილას მანქანები იშვიათად აჩერებენ. თუ დაგჭირდეთ, ნუ მოგერიდებათ, შემეხმიანეთ. ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. თუ შეიძლება და არ დაიზარებთ, გზიდან გადადით. თითქმის ზედ შუა გზაზე გაქვთ გაჩერებული მანქანა და სხვა მძღოლებს ხელს ძალიან უშლით.”

ახლაღა შევამჩნიე, რომ ჩვენ თითქმის შუა ტრასაზე გვქონდა გაჩერებული მანქანა.

“ისე თავაზიანობ, გეგონება, ჯერ ბავშვები უნიტაზში არ გიყურყუმალავებია,” უთხრა ლადომ.

“რა ბრძანეთ?”

“რა და, მე გკითხე, ბავშვებს თუ აყვინთავებ-მეთქი უნიტაზში, როცა მათი დანაშაულში გამოტეხვა გინდა.”

“ხანდახან ხდება ხოლმე,” სიცილით თქვა მორიგე ინსპექტორმა, “ხომ იცით, გამოიპარებიან ბავშვთა სახლებიდან და ათას საზიზღრობას აკეთებენ,” მორიგე ინსპექტორს მხეცური თვალები ჰქონდა და ზოოპარკიდან ცოტა ხნის წინ გამოშვებულ ჰიენას ჰგავდა.

პატრულის მანქანა წავიდა და ჩვენ ისევ ერთმანეთის პირისპირ დავრჩით.

“აბა, მოკლედ, შევთანხმდით?” იკითხა ლადომ.

“კი, კი,” სწრაფად დაეთანხმა ნინი. ალბათ ეშინოდა, არ გადაიფიქროსო...

“ორივეს ტანი ახალი დაბანილი გვაქვს,” თქვა ლადომ, “მეც და ამასაც. ოღონდ, ყველაფერი უნდა გაგვიკეთოთ.”

“კარგი,” დაეთანხმა ნინი. ის ლადოს შარვლის შესაკრავს მისწვდა და ფრთხილად, ძალიან ნელა დაბლა ჩამოწევა დაუწყო.

“მოიცა,” საოცრად დაღლილი ხმით თქვა ლადომ, “არ მინდა. აი, ეს ფული აიღეთ. თითოს ასორმოცდაათ ფუნტს გაძლევთ, ოღონდ მინეტი არ გვინდა. შენ ხომ არ გინდა მინეტი?” შემეკითხა მე.

“არა.”

“არ მესმის, როგორ არ გქონიათ ოდესმე ორალური სექსი,” თქვა ლადომ, “დაუჯერებელია! ახლა ქალაქში დავბრუნდეთ, მე თქვენ სადაც მეტყვით, იქ გაგიჩერებთ და ჩემი გზით წავალ.”

ამის შემდეგ ხმა არცერთს ამოგვიღია. ქალაქში როცა შევედით, ნინიმ ტელეფონზე მამას დაურეკა. მამამისი ავლაბარში დაგვხვდა, საოცრად ძვირი მანქანით, რამდენადაც მე მანქანებში ვერკვევი.

იშევატყე, ლადო ასეთი მანქანის დანახვაზე დაითრგუნა. ეტყობა, მანქანა იმაზე გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე მე მეგონა. ვფიქრობ, ლადომ იმიტომ არ ატეხა ჩხუბი, რომ ამ კაცის, ასეთი ძვირადღირებული მანქანის მფლობელის შეეშინდა. კაცი საოცრად თავდაჯერებული ჩანდა.

“სად იყავი?” ალერსიანად ჰკითხა მან თავის ქალიშვილს (დარწმუნებული ვარ, ის ნამდვილად იმსახურებს ამ წოდებას, თუნდაც მთლად ქალიშვილი არც იყოს) და მანქანაში ჩაისვა.

როცა ლადომ ჩემს სახლთან მანქანა გამიჩერა, ტკივილისაგან თავი მიბრუოდა.

“ასე დამთავრდა ჩვენი მგზავრობა,” უსიცოცხლო ხმით თქვა მან, “საშინელი ქალები იყვნენ, არა?”

“აბა, რა გითხრა, რით დაგამშვიდო,” მხრები ავიჩეჩე მე, “სინდისი არც ამ ქალებს გააჩნიათ და არც მათ მამაკაცებს. რაც შეეხება ფულს, სექსში ფულს მხოლოდ ღარიბები იხდიან. მდიდარსა და გავლენიანს მომხიბლავი არსებები ფულს პირიქით, თვითონ სჩუქნიან. ტესტის გაგრძელებას არ აპირებ?”

“არა,” ხელი ჩაიქნია მან, “შენ კი, ვითომც არაფერი... წინასწარ იცოდი, რაც მოხდებოდა, არა? როგორ უძლებ?”

“ვუძლებ?!” უხალისოდ ვთქვი მე, “განა ამას გაძლება ჰქვია?!”

“ეს ყველაფერი... ეს... ეს საშინელება არასოდეს დამთავრდება,” თქვა მან.

აღარაფერი მიპასუხია.

მან თავი გააქნია და მალე მოსახვევში გაუჩინარდა.

ქარი უბერავდა...



ხუთიანი... ხუთიანი... ფოტო: Getty Images

03.10.2009

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten