სოციალური პრობლემები

ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების არსებობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ღარიბი და უვიცი ხალხი ცხოვრობდეს. ეს მიხეილ სააკაშვილმა შესანიშნავად იცის და ამიტომ მთელი არსებით ცდილობს, რომ სიმდიდრე და ცოდნა რაც შეიძლება ნაკლებმა დააგროვოს და რაც შეიძლება მეტმა დაკარგოს რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე და რაც შეიძლება მეტს შეელახოს რეპუტაცია (რათა, თუ სინამდვილეში ცოდნას არ დაკარგავს, როგორც მინიმუმ, უვიცად მაინც გამოიყურებოდეს), რადგან უდავო ფაქტია, რომ განათლებულის ან/და მდიდრის მართვა მისი ქონებისა თუ ცოდნის სიდიდის შესაბამისად რთულია. ამიტომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია, რომ ხალხის რაც შეიძლება დიდი რაოდენობა რაც შეიძლება ღატაკი და რაც შეიძლება უვიცი იყოს. ცოდნისა და საკუთრების საკითხებისადმი მსგავსი მიდგომა ტოტალიტარული რეჟიმებისათვის არის დამახასიათებელი. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ საქართველოს დღეს ტოტალიტარული რეჟიმი მართავს. ეს რეჟიმი გამოირჩევა უდიდესი სურვილით, მოახდინოს იმ ვითარების კონსერვაცია, რაც ამჟამად არის, ან, კიდევ უფრო უარესი, კიდევ უფრო გაართულოს მდგომარეობა.

ასე რომ არ იყოს, ხელისუფლებისათვის სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ადვილი არაფერია. სოციალური პრობლემების მოგვარება ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ხელისუფლებას სულ იოლად შეუძლია. ხალხის დამონების მიზანს ემსახურება ასევე სექსის აკრძალვა, მის სიბინძურედ გამოცხადება. მაგრამ ეს უკანასკნელი მიხეილ სააკაშვილს არ შემოუღია. ეს უკანასკნელი მიხეილ სააკაშვილს მემკვიდრეობით ისტორიისაგან ერგო და ის მასაც ისევე "ეფექტურად" იყენებს ხალხის ნების დასათრგუნავად, როგორც ყველაფერ დანარჩენს. სექსის თავისუფლება ნიშნავს ქალთა თავისუფლებას, გენდერულ თანასწორობას. ეს ერთი და იგივეა. ამიტომ, მიხელ სააკაშვილს ძალიან აინტერესებს, რომ სექსი საქართველოში ტაბუირებული დარჩეს და მისი მარგინალიზაცია გაგრძელდეს. ამასვე ემსახურება მის მიერ მართულ, ბინძურ ტელევიზიებზე გასული გადაცემები, რაც კი არ აგვარებს უმწვავეს გენდერულ პრობლემებს, არამედ კიდევ უფრო ამწვავებს მათ (როგორც, მაგ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ამწვავებდა რელიგიურ პრობლემებს არასწორი ათეისტური პროპაგანდით, რამაც შედეგად ის მოიტანა, რომ ჩვენ დღეს უკვე ლამის თეოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ). ამ გადაცემების (შოუები და ა. შ.) თემატიკა და მათი სტილი შეიცავს აშკარა ქალთმოძულეობრივ შინაარსს, ამ გადაცემებში ისმის ქალთმოძულეობრივი ფრაზები, რაზეც, წესით, ქალებს პროტესტი უნდა გასჩენოდათ, მაგრამ, რადგან თავისუფალი ქალები საქართველოში თითქმის არ არსებობენ და ქალი აქ ტოტალურად მამაკაცზეა დამოკიდებული, ეს პროტესტი მათ აშკარად არ უჩნდებათ. შემზარავი სტატიები იწერება ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, რომლებიც თავგამოდებით ცდილობენ, დამოუკიდებელი მედიის სახე დაიმკვიდრონ, რაც ამ მედიასაშუალებების მეპატრონეებმა ძირითადად მოახერხეს კიდეც. მათ მოახერხეს იმ მკითხველების ნდობის მოპოვება, რომლებსაც ყველაფრის სჯერათ.

მე ბევრჯერ მიკამათია იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს, რომ ქალების უფლებრივი მდგომარეობა მამაკაცებისას გაუთანაბრდეს. გიჟის მეტი არავინ იტყვის, საქართველოში გენდერული თანასწორობა, სექსუალური თავისუფლება არსებობსო, მაგრამ ბევრი, მათ შორის, ქალიც, ამ აზრს იზიარებს. უფრო მეტიც, რაც ყველაზე საშიშია, საქართველოში ფიქრობენ, რომ არათუ გენდერული თანასწორობა არსებობს, პირიქით, ქალს უფრო მეტი უფლებებიც კი აქვს, ვიდრე მამაკაცს (!!!). საქართველოში არსებობენ ქალები, რომლებიც 30-35 წლის ან კიდევ გაცილებით უფრო დიდ ასაკშიაც კი ქალიშვილები არიან და ამაზე ისინი ოდნავაც არ დარდობენ. წარმოიდგინეთ, ისინი საკუთარ თავზე არ დარდობენ, მათ საკუთარი თავი არ უყვართ და როგორ დაიცავენ სხვების უფლებებს, სხვებს როგორ შეიყვარებენ?!

მე ხშირად მიკითხავს ქალებისათვის, თუ რატომ ამჯობინებენ ისინი სექსისაგან თავის შეკავებას. მათ ჩემთვის ხშირად უპასუხიათ, რომ იმაზე თავისუფლად თუ ილაპარაკებდნენ, რასაც ფიქრობენ და რა მოთხოვნილებებიც მათ აქვთ, ყველა მამაკაცი მათთან სექსს მოისურვებდა და ამით შეიძლება ისინი ვინმეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლებიც კი გამხდარიყვნენ. ეს არასწორი დამოკიდებულებაა საკითხის მიმართ. სტანდარტული თანამედროვე მამაკაცები აუცილებლად ცდილობენ ისეთი ქალების დასჯას, რომლებიც საკუთარ სექსუალურ სურვილებსა და ფანტაზიებზე ღიად საუბრობენ, მაგრამ, ერთი მოსმენით რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, თითქმის არასოდეს აკეთებენ ამას გაუპატიურების გზით. პირიქით, მამაკაცები ასეთ ქალებს იმით სჯიან, რომ მათ მიმართ ჟინს კარგავენ, გულგრილები ხდებიან ასეთი ქალების მიმართ. მამაკაცმა ქვეცნობიერად იცის, რომ ეს ყველაზე დიდი სასჯელი იქნება ქალისათვის და ამას აკეთებს. ამით ის სჯის ქალს, რომელიც საკუთარ თავზე ისეთ უფლებებს იღებს, რასაც მას პატრიარქალური საზოგადოება არ აძლევს. ლაპარაკი მაქვს სტანდარტულ მამაკაცზე დღეს, თორემ მათ გვერდით არსებობენ, რასაკვირველია, ასევე მამაკაცებიც, რომლებიც, პირიქით, ძალიან იღგზნებიან, როცა ქალის მიერ გამოთქმულ სექსუალურ შეთავაზებას ისმენენ და ქალების მიერ დაწერილი სექსისტური ლიტერატურაც ძალიან აღაგზნებთ, მაგრამ მათი რიცხვი ძალიან ცოტაა.

ქალებს ჩემთვის ხშირად უთქვამთ, სექსი მათ თავისუფლად იმის გამო არ შეუძლიათ, რომ საკუთარ მშობლებზე ან/და ქმრებსა თუ საყვარლებზე არიან დამოკიდებულები და საკუთარი ქონება არ გააჩნიათ. სექსზე ტაბუ მათის მხრივ ძირითადად შიშით არის განპირობებული, შიშით საკუთარი პირადი უსაფრთხოებისა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების წინაშე.

მწამს, რომ ქალების უდიდესი უმრავლესობა ძალიან ძლიერია და ამიტომ ის უკიდურესი სოციალური მდგომარეობა რომ არ გააჩნდეს, რაც დღეს გააჩნია და მისი სოციალური უფლებები ოდნავ მაინც დაცული რომ იყოს, არასოდეს დათანხმდებოდა საქორწინო ან სხვა რაიმე მსგავს დისკრიმინაციულ და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო სხვა შეთავაზებას მისთვის არასასურველი მამაკაცის მხრიდან ფულის სანაცვლოდ. მაგრამ, საუბედუროდ, ქალების უფლებებზე ბევრი არავინ ზრუნავს, ქალების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებელია საკუთარ უფლებებში, რასაც საქართველოს ფაშისტური ხელისუფლების ძალაუფლებას დაქვემდებარებული მედიასაშუალებები და "საგანმანათლებლო" დაწესებულებები ემსახურება. ამიტომ ქალებს პროტესტის გრძნობა თითქმის არასოდეს უჩნდებათ. ისინი კონსოლიდაციას ვერ აღწევენ, მათ უმრავლესობას ერთმანეთის შურს, ზოგიერთი ქალი ამპარტავნულად უყურებს გარეგნულად თავისზე შედარებით ნაკლებადმიმზიდველ ქალს, არ გააჩნია თანაგრძნობა და სიყვარული მის მიმართ, თუ ის ამას საკუთარი პირადი თვისებებით იმსახურებს, და. ა. შ. და ა. შ. ამიტომ "გათიშესა და იბატონეს" პრინციპი ქალების შემთხვევაში განსაკუთრებით დამანგრევლად მუშაობს. ეს ჩემი ესსე კი, რომელიც მე ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის უმწვავეს პრობლემას მივუძღვენი, ზღვაში წვეთია ამ მხრივ; შეიძლება, ვინმემ წაიკითხოს, დაფიქრდეს, მაგრამ მნიშვნელოვანი "ეფექტი" ამას არ მოჰყვება. საოცრად ვწუხვარ ამის გამო. ერთადერთი, რაც მე პირადად ოდნავ შვებას მგვრის, ის არის, რომ მომავალშიაც შევძლებ ამ პრობლემებზე წერას.



ფოტო: X-Art

2009

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten