უმცირესობები ანუ ყველა

მე ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველა, ვინც იცავს უმცირესობათა უფლებებს, სინამდვილეში იცავს ყველას უფლებებს იმიტომ, რომ თქვენ ვერ შეხვდებით ერთ ადამიანსაც კი, რომელიც რაღაც თვალსაზრისით უმცირესობა არ არის; ზოგი არ არის ჰომოსექსუალი, მაგრამ სამაგიეროდ ათეისტია; ზოგი არც ათეისტია და არც ჰომოსექსუალი, მაგრამ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონეა ან უბრალოდ, ცაცია, მაღალი ან დაბალი, უცხო ენების მცოდნე ან რაღაც განსხვავებული პროფესიისა და ცხოვრების წესის მქონე, თავი რომ დავანებოთ ქვეცნობიერს, რომლის მიხედვითაც, მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ყველა მეტნაკლებად არის ბისექსუალი, მეტნაკლებად მისი ტემპერამენტის, ესთეტიკური შეხედულებებისა და ხასიათის მიხედვით. ამიტომ უმცირესობათა უფლებების დაცვა არის ყველაზე კარგი საქციელი.

მე ხშირად მომისმენია, რომ ქალები უმრავლესობაში არიან. ეს არის ილუზორული, ცრუ შეხედულება. მე თუ მკითხავთ, ქალები საქართველოში აღარც კი არსებობენ; საქართველოში თქვენ ვეღარ შეხვდებით ქალებს, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით. პატრიარქატმა დაასამარა ქალურობა საქართველოში. მხოლოდ გამოწეული საჯდომი, დიდი მკერდი და ვაგინა არ ნიშნავს, რომ ამ გამოწეული საჯდომის, ვაგინასა და დიდი მკერდის მქონე ქალია. ქალი, ქალურობა სულ სხვა ცნებაა. საქართველოში თქვენ ვერ ნახავთ ქალს, ერთხელ მაინც მამაკაცობაზე რომ არ ეოცნებოს და აშკარად თუ ფარულად არასრულფასოვნების კომპლექსი არ სტანჯავდეს მამაკაცთან სექსის გამო. ბოლო პერიოდში ამან იმდენად კატასტროფული მასშტაბები შეიძინა, რომ აღარც 1000-კაციანი ქორწილებია საკმარისი და აღარც თვით პატრიარქის კურთხევა; ცოლსა და ქმარს, რომლებმაც ჯვარიც დაიწერეს, ხელიც მოაწერეს, ერთმანეთს სამუდამო ერთგულება შეჰფიცეს და იციან, რომ ნათესავები მოსაკლავად არ დაინდობენ (!!!), ერთმანეთს თუ დაშორდებიან და რომლებისთვისაც სექსი არათუ დასაშვებია, არამედ პირდაპირი მოვალეობაც კია, რათა პატრიარქატის ახალი თაობები მოუვლინონ ამ აბსურდულ სამყაროს, აშკარად თუ ფარულად სინდისი სტანჯავთ სექსის გამო. ქალები მიიჩნევენ, რომ ისინი დამცირებულები არიან იმის გამო, რომ მათი ქმრები სექსუალურ აქტს ახორციელებენ მათთან და ორგაზმის მიღწევას ცდილობენ, თუნდაც მხოლოდ ტრადიციული სექსუალური აქტის პირობებში. აქ ლაპარაკიც კი არ შეიძლება არსებობდეს თავისუფალ სექსსა და პრომისკუიტატიურ ურთიერთობებზე, პოლიამორიასა და არატრადიციულ სექსუალურ აქტებზე, რაც დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა 11 წლის სკოლის მოზარდებისათვისაც კი. აი, ამ ზომამდე დაეცა და გაიხრწნა საქართველო, ამ ზომამდე მიიყვანა პატრიარქატმა ქალები, ასე დააკარგვინა მათ ქალურობა, ამიტომ არის საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმი და პირსისხლიანი დიქტატურა. ამ დიქტატურისათვის უკვე ორად-ორ ადამიანს, ცოლ-ქმარს შორის სიყვარული წარმოადგენს საფრთხეს, მამაკაცს ქალთან შეუძლია მხოლოდ უკიდურესად რეაქციული, ვანილური ურთიერთობა ჰქონდეს, რათა არ გაამძაფროს მისი კომპლექსები, ხოლო თუ რატომაა vanilla რეაქციონიზმი და ნეობოლშევიზმი, ამაზე მე არაერთხელ მილაპარაკია და მთელი ბიბლიოთეკები არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოში არ არსებობს ვნება და სისხლსავსე სექსუალური ურთიერთობები, ხოლო თუ ვნება როგორღაც მაინც არსებობს, ვნება შთანთქავს სიყვარულს და პირიქით, ქართველებისათვის ვნება და სიყვარული ერთდროულად წარმოუდგენელია. ზოგადად ენა და განსაკუთრებით სიტყვა "სიყვარული" არის უსაშინლესად გაბახებული, ამიტომ საქართველოში თითქმის ვერ შეხვდებით ადამიანს, ამ სიტყვის მნიშვნელობა სწორად ესმოდეს.

ქართველი უფლებადამცველები ხშირად ლაპარაკობენ ჰომოსექსუალების დევნისა და შევიწროვების საკითხზე. არადა, ჰომოსექსუალობა არათუ არ იდევნება, არამედ პრესტიჟულადაც კი აღიქმება, ოღონდ მხოლოდ აქტიური ჰომოსექსუალობა, ხოლო პასიურს რაც შეეხება, პასიური ჰომოსექსუალებისა და ბისექსუალების მიმართ ქართულ გარემოს დაახლოებით ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორი დამოკიდებულებაც არსებობს ზოგადად, ქალების მიმართ, ანუ, აუტანელი და მასკულინური, რაც ყველა მეტნაკლებად კულტურულ ადამიანისათვის მიუღებელია. მაგრამ თანამედროვე საქართველოში კულტურა იდევნება და კულტურა იდევნება სწორედ ამიტომ, კულტურა იდევნება ზუსტად იმიტომ, რომ კულტურული ადამიანის მართვა შეუძლებელია. კულტურული ადამიანების ცხოვრება საქართველოში ისეთივე ძნელია და აუტანელი, როგორც ყველა სხვა დანარჩენი უმცირესობისათვის. აქ არსებობს უხეში მასკულინური ძალის კულტი, არა თვითონ ფალოსის, არამედ ფალიურობის კულტი, და ეს გაყინული ფალიურობა, ეს მუდმივი, დაუკმაყოფილებელი და შეს. სისხლისმოყვარე სადიზმში გადაზრდილი ერექცია ყველაფერში ვლინდება, რასაც ქართველის ხელი ატყვია. აქ ძალიან იოლია, მოინდომო კანონების შეცვლა, მაგრამ ქართული სპეცსამსახურები, მ. სააკაშვილის სპეცსამსახურები თავად ქმინიან "საზოგადოებრივ აზრს," რასთან ბრძოლა უკვე უკიდურესად რთულია. ეს ასე ხდება: მაგ. პარლამენტმა დასავლეთის პროგრესული ძალების ზეწოლით მიიღო კანონი, რომელიც ხელისუფლებას არ მოსწონს. ხელისუფლება რაზმავს სპეცსამსახურების თანამშრომლებს: მღვდლებს, ჟურნალისტებს ან უბრალოდ, ქუჩის ლოთებსა და ბაზრის ჭორიკანებს, აქეზებს და ამხედრებს მათ სხვადასხვა მეთოდებით ამ საკანონმდებლო ცვლილების წინააღმდეგ და რეჟიმისათვის ამ არასასურველი კანონის დარღვევა და არშესრულება იმდენად მასობრივ სახეს იძენს, რომ მისი მიღება და დამტკიცება უაზრო ხდება. ამას უწოდებენ სააკაშვილის საქართველოში "საზოგადოებრივ აზრს," ხალხის ინტერესების წინააღმდეგ თვით ხალხი გამოჰყავთ და ხშირად ისე, რომ ამის შესახებ მართულმა გულუბრყვილო ადამიანებმა არაფერი იციან. ქართული სპეცსამსახურები დღეს ზუსტად იმავე მეთოდებითა და სქემებით მოქმედებენ, რომლებითაც საბჭოთა კავშირის "სუკი" მოქმედებდა. ასე იქცევიან ქართველი სახელმწიფო მოხელეები, ისინი ფორმალურად, იმისათვის, რათა დასავლეთის პროგრესული წრეების თვალში ლიბერალურ-დემოკრატული მსოფლმხედველობის სახელმწიფო მოხელეებად წარმოჩინდნენ, თითქოს ხელს უწყობენ უმცირესობათა უფლებების დაცვას, მაგრამ სინამდვილეში აშკარად თუ ფარულად აქეზებენ ბნელ, უვიც და შესაბამისად, ადვილადსამართავ მასას უმცირესობათა უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, ქალების, პასიური ჰომოსექსუალებისა და ა. შ. წინააღმდეგ. ამიტომ მსოფლიოში არავის აქვს ისეთი მძიმე ცხოვრება, როგორიც ქართველ ქალებს, ყველა დღე მათი შეურაცხყოფით იწყება და მთავრდება. თქვენ თითქმის ყოველდღე გაიგონებთ, როგორ იკლავს თავს ესა თუ ის ქალი, სუიციდის ფაქტები ქართველ ქალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში და ქალთა სუიციდის მიხედვით საქართველოში უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობაა. ისინიც არიან სააკაშვილის ხელისუფლების მსხვერპლები, ამ ქალთმოძულე რეჟიმის მსხვერპლები. ამ რეჟიმის მსახურებს რომ ჰკითხოთ, თურმე, ისინი ვერ ამარცხებენ საზოგადოებრივ აზრს და საზოგადოებაში გაბატონებულ ცრურწმენებს, რომლებიც ქალებისა და პასიური ჰომოსექსუალების სექსუალობის წინააღმდეგ არის მიმართული. ამიტომაა, რომ საქართველოში მსოფლიოში ყველაზე მეტი ონანისტი ცხოვრობს, ამიტომაა, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ქალიშვილი ცხოვრობს და სექსის სტანდარტები და ხარისხი იმდენად დაბალია, რომ ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნების დაბალი დონის მაცხოვრებლებსაც კი უსაზარლეს შოკს მოგვრის.

რადგან საქართველოში წარმოიშვა მეორე პოლიტიკური ცენტრი, ბ. ივანიშვილის პოლიტიკური ცენტრი, ამიტომ ორიოდე სიტყვით ამ ცენტრის შესახებაც დავწერ აქ; საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილმა უამრავი ეკლესია ააშენა, მათ შორის, დიდი წვლილი შეიტანა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში, მე კი ვერასოდეს ვენდობი ასეთ კაცს, მითუმეტეს, როცა ის არის ათეისტი-მატერიალისტი და არ სწამს საიქიო ცხოვრება, რაზეც მან ერთხელ უკვე ილაპარაკა. საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა არის ქალთა უფლებებისა და სექსუალური თავისუფლების არარსებობა, ამიტომ ყველანაირი რესურსის უდიდესი ნაწილი აქეთკენ უნდა იყოს მომართული. ხოლო როცა ქალთა საკონსულტაციო და ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრების აგების ნაცვლად ეკლესიები შენდება, ისევდაისევ ქალების დაჩაგვრის მიზნით, მე ნათლად წარმოდგენილი მაქვს, რას აპირებს ასეთი პოლიტიკოსი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.


ფოტო: Emma.de

19.12.2006

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten