ფრთხილად, ქალი!

თქვენ უკვე წლებია, ფემინისტი ხართ და ქალთა უფლებებისათვის იბრძვით. საქართველოში ფემინისტებს ამერზით უყურებენ. როგორ ფიქრობთ, რა არის ხალხში ფემინიზმის არსის არაპოპულარობის მიზეზი?

ჩემი აზრით ამაში ქართული მედია და ქართველი ფემინისტები არიან დამნაშავე. პრობლემა იმაშია, რომ ხშირად ისინი, რომლებიც ხშირად წერენ ქალთა დისკრიმინაციის შესახებ საქართველოში, თითქმის არაფერს ამბობენ სექსზე და სათანადოდ არ განმარტავენ იმას, რომ ფემინიზმი არის ყველას, მათ შორის, მამაკაცების უფლებებისა და თავისუფლებების სასიკეთო მოძრაობა. ამ ქართველ ფემინისტებს რომ მოუსმინო, გეგონება, თითქოს ქართველი ქალების პრობლემა მხოლოდ არათანაბარი შრომითი ხელშეკრულებები და არათანაბარი ხელფასი იყოს. მე შევეცადე, ეს ხარვეზი როგორმე ამომევსო, ვცადე, ინტერვიუ ჩამეწერა სხვა ქართველ ფემინისტებთან, მაინტერესებდა, რა შეხედულებები გააჩნდათ მათ სექსის შესახებ. მოკლედ, რომ იტყვიან, "გველის ფხაში გავძვერი," რათა გამერკვია მათი სექსუალური მსოფლმხედველობა და ჩამეწერა ხარისხიანი ინტერვიუ მათთან, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. სექსის შესახებ მათ შორის ზოგადად ყველა ლაპარაკობს, მაგრამ დაკონკრეტებისაგან ყველა თავს იკავებს. ამის გამო ქართველ მამაკაცებს უყალიბდებათ წარმოდგენა, რომ ზოდადად ფემინიზმია დესტრუქციული მოვლენა, რომ ჩვენ, ფემინისტები ვიბრძვით იმისათვის, რათა მამაკაცებმა ის მიზერული სექსუალური თავისუფლებაც დაკარგონ, რაც მათ გააჩნიათ. მამაკაცები საქართველოში ფიქრობენ, რომ ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ლოზუნგებს ამოფარებული ეს ხალხი რეაქციულ-კონსერვატიული ძალების წარმომადგენლები არიან, რომლებსაც სურთ, კარგად შენიღბონ ადამიანების ჩაგვრა ახალი, აწ უკვე ფემინიზმად წოდებული შლეიფის ქვეშ.

ეს ადამიანები ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ალბათ იტყვიან, რომ თქვენ უკლებლივ ყველა მათგანს არ გასაუბრებიხართ და ამიტომ არ გაქვთ ყველასათვის ერთსადაიმავე "საწყაოთი მირწყვის" უფლება. რას ეტყოდით მათ ამის შესახებ?

მე არც მივურწყავ ყველას "ერთსადაიმავე საწყაოთი." მათ მე ვეტყვი, რომ გამომეხმაურონ თუ ამის სურვილი აქვთ. მე ჩავწერ მათთან ინტერვიუებს ვებგვერდზე გამოვაქვეყნებ ნებისმიერ ფორმატში, როგორც ტექსტის სახით, ისე ტელეგადაცემის ფორმატში. რა თქმა უნდა, კითხვები ჩემს მიერ იქნება შერჩეული. მე არ მსურს, ვინმესთან წინასწარ შევათანხმო, თუ რა შეკითხვების დასმას ვაპირებ. ვფიქრობ, ხალხს უფლება აქვს, იცოდეს, თუ რა მიზნებს ემსახურება ესა თუ ის საზოგადოებრივი მოძრაობა, რა კონკრეტული ხედვები გააჩნია ამა თუ იმ ფემინისტს. მე არავის ვბლოკავ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მედიასაშუალებები პირადად მე თვითონ მბლოკავენ. ხალხი გაიცნობს მათ და მერე თავად გადაწყვეტს, რა ხედვები უფრო მისაღებია. ჯერჯერობით რაც გავარკვიე, ისაა, რომ ქართველი ფემინისტების მნიშვნელოვან ნაწილს მიაჩნია, რომ პირველ რიგში სოციალური პრობლემები უნდა მოგვარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ქალთა სექსუალურ თავისუფლებაზე ზრუნვა, მაგრამ ჩემთვის გაურკვეველია, რას გულისხმობს მათთვის ტერმინი "ქალთა სექსუალური თავისუფლება." იქნებ, ეს სულაც არ არის თავისუფლება და პირიქით, აზრისა და ქცევების უარესი მონობაც კია, ვიდრე რელიგიურ-ორთოდოქსული მორალის მონობა. ჩვენ წარსულის უმძიმესმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ეჭვით მოვეკიდოთ ახალ იდეებს, ამ მხრივ მე ძალიან კონსერვატიული ვარ, მაგრამ არა განუსჯელად და წარმოსახვებში რაღაც წინასწარ არსებული შაბლონის მიხედვით. მე ვფიქრობ, შემწევს უნარი, მხარი დავუჭირო ჩემის აზრით პროგრესულ იდეებს და თავადაც ვიყო მსგავსი იდეების ავტორი. წინააღმდეგ შემთხვევაში წიგნების წერას არ დავიწყებდი.

ფემინისტური მოძრაობა უამრავ განსხვავებულ მიმდინარეობად იყოფა, რაზეც ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი და საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის, გ. ბოკერიას ცოლი, თ. ჩერგოლეიშვილი დაუფარავი სიხარულით წერს. გაგაგებია, რომ თქვენ ინდივიდუალური ხედვა გაქვთ, მაგრამ იქნებ, მკითხველებს უკეთესად აუხსნათ, სხვა რომელ ცნობილ ფემინისტს აქვს მსგავსი მოსაზრებები?

ყველაზე მეტად მე ელფრიდე იელინეკის მსოფლმხედველობა მომწონს. ამ მსოფლმხედველობას მე აბსოლუტურად ვიზიარებ. საკუთარი ინდივიდუალური ხედვის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას რაღაცაში არ დაეთანხმო. მე ვერ ვიხსენებ პრინციპულ საკითხებს, რაშიაც ჩემი და იელინეკის ფემინისტური მსოფლმხედველობა ერთმანეთს არ ემთხვევა. განსხვავდება მხოლოდ ის გამოხატვის ენა, რითაც ჩვენ ჩვენს აზრებს ვაყალიბებთ, არსი კი ერთნაირია. ხოლო ქართველი ფემინისტების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის როგორც ჩემი, ასევე იელინეკის მოსაზრებები სულაც არ არის ფემინისტური, პირიქით, მათთვის ეს მოსაზრებები, როგორ გასაოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, სექსისტური და მასკულინურიც კია. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება, ამ ქართველმა "ფემინისტებმა" ქალსა და მამაკაცს შორის სექსუალური კავშირის აკრძალვაც კი მოითხოვონ და ის "დისკრიმინაციად" ჩათვალონ.

???

კი, კი, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათი მიზანი არის არა ქალების განთავისუფლება რელიგიური და ზოგადად ქართული არადემოკრატიული, მჩაგვრელობითი სახელწიფოს იდეოლოგიური წნეხისაგან, არამედ მათი მხოლოდდამხოლოდ მამაკაცებთან გათანასწორება მამაკაცის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე. ამიტომ მე სრულებით ვერ ვხვდები, რა განსხვავებაა მათსა და ქართული ორთოდოქსული ეკლესიის პოზიციებს შორის. განა მღვდლებიც იგივეს არ ცდილობენ?! ამიტომ ქართველი მამაკაცები ამრეზით უყურებენ ფემინიზმს, და, მინდა ვაღიარო, რომ ძალიან ხშირად სრულიად სამართლიანადაც. ქართველი ფემინისტების უდიდესი ნაწილი სწორად ვერ აღიქვამს სინამდვილეს, მათთვის ძირითადი მჩაგვრელი ძალა მამაკაცია, ისინი სამყაროს ორ ნაწილად, ქალებად და მამაკაცებად ჰყოფენ, და ეს მაშინ, როცა სამყარო სულაც არ არის ორპოლუსიანი. ქართველი ფემინისტების უდიდეს ნაწილს შურს ჩვენი, მამაკაცების იმ მიზერული სექსუალური თავისუფლებისაც კი, რომელიც ჩვენ ბრძოლით მოვიპოვეთ საუკუნეების მანძილზე, და როცა ვამბობ, რომ სწორედ ეს არის ნეობოლშევიკური ხედვა, და რომ ჩვენ, ქართველი მამაკაცები, ვისაც შეგვიძლია, სხვა მოთხოვნილებებიც გაგვაჩნდეს პრიმიტიული მოთხოვნილებების გარდა, არანაკლებ ვიტანჯებით ქალთა უუფლებო ყოფით, ეს მათ არ ესმით. მამაკაცი მათთვის ავტომატურად და განურჩევლად მჩაგვრელს ნიშნავს. ამიტომ მათთვის გაუგებარია, რომ ჩემი ფემინიზმი სულაც არ არის მამაკაცების წინააღმდეგ მიმართული და ამას ისინი მხოლოდ იმით ხსნიან, რომ მე თვითონაც მამაკაცი ვარ. მათ არ ესმით, რომ ტერმინი "მამაკაცური სამყარო" ისეთივე პირობითობაა, როგორც მაგ."კაპიტალიზმი" და რომ ქალებს მამაკაცები კი არ ვჩაგრავთ, არამედ ამას აკეთებენ სააკაშვილის არადემოკრატიული რეჟიმი და საქართველოს ორთოდოქსული ეკლესია, რომლებიც შუღლს აღვივებენ ქალებსა და მამაკაცებს შორის ათასგვარი მეთოდით, ხოლო ხელისუფლების მიმართ ლოიალური სადაზღვევო კომპანიის მიერ წამოწყებული ამასწინდელი სარეკლამო აქცია სლოგანით "ფრთხილად, ავტომობილის სარკესთან ქალია!" არ არის საგანგაშო სარეკლამო აქცია, ხოლო გარკვეული ფემინისტური წრეების მიერ ატეხილი აურზაური ამ საკითხთან დაკავშირებით არაადეკვატური იყო.

სხვა ქართველი ფემინისტების თვალსაზრისით მამაკაცებს ქალებთან შედარებით პრივილეგირებული მდგომარეობა აქვთ, ისინი ერთსადაიმავე სამუშაოს საფასურად მამაკაცებზე დაახლოებით ორჯერ ან მეტჯერ ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ხოლო ქალი, რომელიც თავისუფალი სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობს, მეძავად აღიქმება და პატივისცემას კარგავს დანარჩენების თვალში.

კი, რა თქმა უნდა, ეს ასეა, და ეს არის დანაშაული, მეც ამაზე ვლაპარაკობ და ვწერ გამუდმებით მაგრამ მამაკაცების "პრივილეგირებული" მდგომარეობა სინამდვილეში ისეთივე "პრივილეგიაა" როგორც სანჩო პანსას დანიშვნა კუნძულ ბარატარიის გუბერნატორად და ეს ყველაფერი, მთელი ეს აბსურდი ერთადერთ მიზანს, საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას ემსახურება. ეს არის ამ ყველაფრის მიზანი და არა ის, რომ სააკაშვილს ან ორთოდოქსულ ეკლესიას მამაკაცები ქალებზე უფრო მეტად უყვართ. პირიქით, მათ არავინ უყვართ და არავისზე შესტკივათ გული, სწორედ ამიტომ აღვივებენ შუღლს ასე გაშმაგებით, რათა მერე დაუძლურებულ და მორალურად წელში გატეხილ ხალხზე გაბატონდნენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება განსხვავებული რელიგიური და სექსუალური ორიენტაციისა თუ შეხედულებების მქონე ხალხის არათანასწორ კონტექსტში მოხსენიება და არაჰუმანური ცხოვრების წესის პროპაგანდა სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემების, სარეკლამო კამპანიებისა თუ სერიალების მეშვეობით. მე მახსოვს, ამ ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"-ზე გახმოვანებულ ჰოლივუდურ ფილმებში ძალიან მოდაში იყო, ინგლისური სიტყვა "Motherfucker"-ი რომ ითარგმნებოდა როგორც "შე დამპალო პირში ამღებო," ამავე ტელეარხზე, გადაცემა "პროფილში" გასულ სიუჟეტებში მიმდინარეობს ტრადიციული მონოგამიური ცხოვრების წესისა და ქორწინების ინსტიტუტის პროპაგანდა, ისევე, როგორც ლათინოამერიკულ სერიალებში, რომლებსაც ეს არხები ყიდულობენ. მე აქ ცალკეული მაგალითები მოვიყვანე, თორემ ასეთი მაგალითები იმდენია, რომ უზარმაზარი ტომები არ ეყოფა თუნდაც "რუსთავი 2"-ის ან "იმედის" მხოლოდ ერთი სამაუწყებლო კვირის გაშიფვრას და აქედან გამომდინარე საკვირველი იმაში არაფერია, რომ დაბალი კულტურისა და მიხვედრილობის მქონე ქალებსა და მამაკაცებს ასე ძალიან სძულთ და ეზიზღებათ აქ ერთმანეთი. ამ ხალხს, სააკაშვილსა და მისთანებს არ ესმით, რომ ქსენოფობია და უთანასწორობა ახშობს სასიცოცხლო სივრცეს ყველასათვის, მათ შორის, მათთვისაც, ისინი ვერ ხვდებიან, რომ მიტაცებული მილიარდების მიუხედავად ყოველივე ამის შედეგად ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ მათი ცხოვრების ხარისხი შეუდარებლად უფრო დაბალია, ვიდრე გერმანული ან ფრანგული სტანდარტებით საშუალო ოჯახში დაბადებული 14 წლის თინეიჯერი გოგოსი ამავე ქვეყნებში, რომ აღარაფერი ვთქვათ ქართველი ქალების შესახებ, რომლებიც რეალურად ცხოვრების ხარისხის მიხედვით ძველრომაელი მონა ქალების მდგომარეობაში არიან და, რაც ყველაზე ამაზრზენი და გამაოგნებელია, ეს არის ნებაყოფლობითი მონობა. სააკაშვილის ხროვა პედალირებს იმას, რომ თურმე "ქართველებს სხვანაირად ცხოვრება არ სურთ." თურმე, ქართველი ქალები იმიტომ არ იჩენენ სასიყვარულო ურთიერთობებში ინიციატივას ან/და იმიტომ ამბობენ უარს მათთვის სხვა ქალების ან/და მამაკაცების მიერ შეთავაზებულ სიყვარულზე, იმიტომ არ ჰყავთ მათ ბევრი სექსუალური პარტნიორი და იმიტომ არ აქვთ მათ ორალური, ანალური თუ სხვა სახის კონტაქტები საკუთარ ამ ისედაც უკიდურესად შეზღუდული რაოდენობის სექსუალურ პარტნიორებთან, რომ "მათ ასე სურთ." ისინი, ამ ხროვის წარმომადგენლეები, ცდილობენ დაარწმუნონ ხალხი, რომ საქართველო, ეს უკიდურესად არადემოკრატიული, სამარცხვინო, დეეროტიზებული და არაჰუმანური ქვეყანა, დემოკრატიის შუქურაა მხოლოდ იმიტომ, რომ უშუალოდ არჩევნების პროცესში უკეთესი გარემოა, ვიდრე რუსეთში და ქართველ ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებს ხელისუფლება ისე მასობრივად და უმოწყალოდ არ უსწორდება ფიზიკურად, როგორც რუსეთში. აქ არ ცდილობენ, ყურადღება მიაქციონ იმას, რომ მედიაგარემო და სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიასაშუალებების დაფინანსების საკითხი აბსოლუტურად უთანასწორო და არაჯანსაღია, თითქოს მხოლოდ არჩევნები იყოს დემოკრატიზმის გამოხატულება. მე-20 საუკუნის 40-იან წლებში იოსებ ჯუღაშვილს კენჭი რომ ეყარა და ერთი ხმაც არ გაეყალბებინა, მაინც ამომრჩეველთა ხმების უდიდესი უმრავლესობით გახდებოდა საბჭოთა კავშირის მეთაური, ხალხს ის გულწრფელად უყვარდა, უყვარდა იმის მიუხედავად, რომ ის ერთ-ერთი უსაზარლესი ურჩხული იყო კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე. ხალხს სტალინი გულწრფელად უყვარდა, და თანაც ისე უყვარდა, რომ სიკვდილიდან 3 წლის თავზე, 1956 წლის მარტში მისი უბრალო "ღირსების" დასაცავად, უმკაცრესი ტოტალიტარული რეჟიმისა და თვალთვალის პირობებში ასიათასობით მოსახლე გამოვიდა თბილისის ქუჩებში და ტყვიას მიუშვირა მკერდი. ასე რომ, თავისუფალი ნების არსებობა-არარსებობა სულაც არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ის ძალიან ადვილად მოწყვლადი და ფარდობითი ცნებაა. ადამიანებს თანამედროვე საქართველოში ხშირად სულაც არ უყვართ ის, ვინც ან რაც უნდა უყვარდეთ, ხშირად პირიქით, სძულთ კიდეც და ეს ეხება არამარტო დაბალი კულტურისა და შეგნების მქონე ხალხს, არამედ გენიოსებსაც კი. ამიტომ ამ პირობებში ჩვენ, ქართველ ფემინისტებს დიდი დაფიქრება გვმართებს, რათა დეტალების მიხედვით ვიაზროვნოთ და ვილაპარაკოთ, რათა ჩვენი უფაქიზესი ჭეშმარიტებები აბსურადად არ გადაიქცეს.



ფოტო: Forum.ge. სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაის" რეკლამა

12.03.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten