ინტერვიუ საკუთარ თავთან

თქვენ ხშირად გითქვამთ, რომ საჭიროა მწერალი საკუთარი გრძნობების მიხედვით ასახავდეს იმ ვითარებას, რომელშიაც მას უხდება წერა. როგორ გესმით თქვენ თვითონ ლიტერატურის ძირითადი დანიშნულება?

წერა დიდი შრომაა. მე ძალიან ბევრს ვწერ და კმაყოფილი საკუთარი თავით მაინც არასოდეს ვარ. სამწუხაროდ ჩემი შრომა თითქმის აბსოლუტურად უშედეგოა. მე ამას ვხვდები.

მხატვრულ ლიტერატურას ძალიან მნიშვნელოვანი დანიშნულება გააჩნია, მაგრამ ეს დანიშნულება არ ხორციელდება იმიტომ, რომ ერთ კარგ მწერალზე ათასობით ჯანსაღი ადამიანური გრძნობებისაგან სტერილური ჟურნალისტი, ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი, პოეტი, დრამატურგი, მსახიობი, მომღერალი, გამომცემელი, სატელევიზიო არხი, გაზეთი, ჟურნალი და სხვა დანარჩენი უბედურება მოდის, ხოლო კარგი მწერლის ხმა მთელ ამ ქაოსში ძალიან სუსტად ისმის; მწერალი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ის, ვფიქრობ, სამწუხაროდ ვერ შეძლებს გონს მოიყვანოს საზოგადოება, რომელიც ვერაფერს ხვდება.

როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მთავარი მიზეზი?

მთავარი მიზეზი აბსურდი გახლავთ. აბსურდი იჭრება კონკრეტული ადამიანების ცნობიერებაში და ბუდობს იქ. ის მზად არის, როცა ვიღაც ლოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, შხამიანი გველივით დადგეს ყალყზე, და გააქარწყლოს ამ ლოგიკური გადაწყვეტილებების, ლოგიკურად მართებული აზრების მოქმედების მიზეზები. ეს არის განპირობებული რეალობის მითოლოგიზებით, საკუთარი ყოფიერების არისის შეფუთვით მითოლოგიურ (და არა პოეტურ ან/და პოეტურ-მითოლოგიურ) საბურველში.

მე, როგორც მწერალს ძალიან მაინტერესებს ზღაპრები მოჩვენებებზე, რომლებიც ვერ სცნობენ საკუთარ თავს, ვერ ხვდებიან, რომ ისინი მოჩვენებები არიან, ასევე უამრავი სხვა რამ, რაც ზღაპრებში და რელიგიურ წიგნებში ხშირად გვხვდება, მე მაინტერესებს მითოსური ასპექტი, საკუთარი თვალსაზრისით ვაფასებ ამ მითოლოგიური ასპექტების კოლოსალურ მნიშვნელობას, მაგრამ რელიგიისაგან განსხვავებით ამას ჩემთვის, ასე ვთქვათ, პრაქტიკული დანიშნულება აქვს: მე ვხვდები, რომ ჩემს გარშემო თითქმის ყველაფერი მოჯადოებულია, რომ მე მოჯადოებული არსებების გვერდით ვცხოვრობ, აჩრდილების, მოჩვენებების გვერდით, რომლებიც რეაგირებენ კლავიკორდის ხმაზე, რეაგირებენ მათებურად, ანუ ისე, როგორც მოჩვენებებს სჩვევიათ. ისინი ამბობენ: “Gთხოვთ, შეწყვიტოთ დაკვრა, ნუ დაგვირღვევთ სიმშვიდეს, ჩვენ ხომ არ გვინდა, ვიცოდეთ, რომ მოჩვენებები ვართ, ჩვენ ხომ არ გვინდა ვიცოდეთ, რომ ეს აჩრდილთა საბრძანებელია.” მე ვწერ მოჩვენებებზე მაშინაც კი, როცა ჩემი ნაწარმოებების ჟანრი ცალსახად რეალისტურია. მაგრამ მე ვწერ მოჩვენებებზე და არა მოჩვენებებისათვის. ეს ყველას უნდა ესმოდეს.

და ამას თქვენ ირონიით ამბობთ...

რასაკვირველია! მე არ მომწონს ეს სინამდვილე და ვცდილობ ის შევცვალო. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი და ადამიანური რამ გახლავთ. ირონიის გარეშე აჩრდილებზე ხშირად ვერ ვლაპარაკობ. ჩემი ირონია პესიმიზმის უმაღლესი ზღვარი გახლავთ. მე პესიმისტი ვარ და მიმაჩნია, რომ აჩრდილებისათვის არ უნდა ვწერო, რადგან ეს უაზრობაა. მე სხვებისათვის ვწერ, ანუ მათთვის, ვისაც ჩემი ესმის. ტექსტების განმარტება ჩემი საქმე არ გახლავთ. მე არასოდეს განვმარტავ იმას, რაც ოდესმე დამიწერია. ჩემი ან ესმით, ან არა. თუ ესმით, ძალიან კარგი.

..თუმცა ეს ძალიან საეჭვოა. ბევრი წიგნებიდან იმას იგებს, რაც თვითონ სურს, რაც მას მართალი ჰგონია. ის, რაც ჩემთვის მართლა ინტიმურია, ჩემთან რჩება. ჩემთვის ინტიმურს ვერაფერს დავწერ.

რომანით “ჭენება” თქვენ აღწერეთ თანამედროვე პოლიგამია. თქვენს გერმანულენოვან წიგნებშიაც ჩანს პროტესტი მონოგამიის წინააღმდეგ. სწორად მიგაჩნიათ სექსუალური ურთიერთობების პოლიგამიური წესი?

მე სწორად არ მიმაჩნია ერთმნიშვნელოვნება. თუ რაიმეს ვებრძვი, ეს არის უპირველეს ყოვლისა გაბატონებული ეკზისტენციალური წესის ერთმნიშვნელოვნება. ჰერმან ჰესეს მთავარი პერსონაჟი “ტრამალის მგელში” ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია როგორც ამერიკული, ასევე საბჭოთა ერთმნიშვნელოვანი იდეალიზმი. ამ აზრს მე აბსოლუტურად ვიზიარებ. ვეთანხმები ასევე ელფრიდე იელინეკს, რომელიც წერს, რომ ყველაფერი ნორმალური ავადმყოფობაა. ამიტომ მე, როგორც მწერალს, არ შემიძლია ყველასათვის სავალდებულო ნორმების მოფიქრება. ეს აბსურდია. ამას არასოდეს ვიზამ. ქრისტიანობის მიმართ ჩემი უდიდესი ანტიპათიის მიზეზიც მნიშვნელოვანწილად სწორედ ეს გახლავთ.

დიდი უბედურებაა, რომ ვიღაც ზებუნებრივი ძალების არსებობას ქადაგებს და ადამიანებს ღმერთის არსებობა ოდნავ მაინც სჯერათ. მაგრამ არანაკლები უბედურებაა რაღაც ნორმების მოფიქრება, რომლებიც სავალდებულოა ყველასათვის, განურჩევლად ყოველგვარი გამამართლებელი ან/და შემამსუბუქებელი გარემოებებისა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ იურიდიულ ნორმებზე, რომლებიც, ჩემი აზრით, სულაც არ აუმჯობესებს ჩაგრულთა მდგომარეობას, ჩვენი ყოველი დღე სხვათა მიერ განსჯისა და საშინელი სამსჯავროს დღე გახლავთ. ვინც ყველაზე პატიოსანი, ღარიბი, სამართლიანი და დიდსულოვანია, ყველაზე მეტად იტანჯება. ეს თანამედროვე პირობებში ავტომატურად ხდება, თავს ყველაზე კარგად გრძნობს ის, ვინც ყველაზე დაუნდობელი, ეშმაკი, უჭკუო, უსინდისო და უსამართლოა; დღეს მდიდარი სულ უფრო მდიდრდება, ღარიბი სულ უფრო ღარიბდება, ბოროტი სულ უფრო დაუნდობელი ხდება და თვით ბოროტებაც სულ უფრო იხვეწება. ასეთია ეს მსოფლიო, ასეთია ეს სისტემა, ასეთია მისი მთავარი მექანიზმი. ყველაზე მართალი ყველაზე ნაკლებ იტანს ყოველდღიურ განსჯას, ყოველდღიურ საშინელ სამსჯავროს, რომელსაც უსიყვარულობა უდევს საფუძვლად და რომელიც აბსოლუტურ ნდობას უცხადებს ყველაზე საზიზღარს. ზოგიერთი ცდილობს, დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე და იკლავს თავს, რადგან მკვდრების ადამიანებს გაცილებით უფრო მეტად სჯერათ, ვიდრე ცოცხლების. ერთი სიტყვით, ეს ერთი დიდი საშინელებაა და კიდევ უფრო უარესია ეს ქვეყანა. ამიტომ მე არ შემიძლია, პოლიგამია ან ნებისმიერი რამ, ბარბაროსული ერთმნიშვნელოვნებით ვიქადაგო. მე შემიძლია მხოლოდ აღვნიშნო, თუ კონკრეტულად რა შემთხვაშია უკეთესი პოლიგამია. შეიძლება რაღაცას ერთმნიშვნელოვნადაც ვწერდე, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ბევრნი აკეთებენ. მაგალითად მე ერთმნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქორწინება ცუდია, რომ თავისუფალი სექსი ძალიან კარგია, ღმერთი არ არსებობს და ყველა ადამიანი პარტნიორებს ხშირად უნდა იცვლიდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც საზიზღარს საკუთარი ცოლი ან საყვარელი თავის საკუთრებად უნდა მიაჩნდეს და ზოგადად ქალები გააუპატიუროს. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თუმცა ვერასოდეს ვიტყვი, რომ თითქოს ანგარიშს არ ვუწევდე იმას, თუ ვინ, სად, როდის და რატომ აკეთებს ამა თუ იმ მოქმედებას. მოკლედ, მე რაღაც კონკრეტული მიმაჩნია სწორად ან არასწორად, ხოლო თუ ვინმე ისეთ პარალელებს ავლებს ჩემი წიგნების სიუჟეტებსა და საკუთარი ცხოვრების ეპიზოდებს შორის, როგორც მას სურს, ეს მისი საქმეა და მისი საქმეა, გააკეთებს ამას თუ არა.

რას იტყვით თანამედროვე ქართულ \"საზოგადოებაზე?\"

ეს არის მატერიალისტური \"საზოგადოება,\" რომელიც გამუდმებით ქრისტიანული მითოსის საფარს მიღმა იმალება. ეს ძალიან რბილად თუ ვიტყვით. რა არის უხეში, ერთმნიშვნელოვანი მატერიალიზმის არსი? ეს არის მოძღვრება იმის შესახებ, რომ ყველაფერი იცვლება. თავისუფლება საქართველოში კი არ წარმოადგენს თავისუფლებას, არამედ რაღაც ჭანჭიკს, რომელიც გდია სადღაც და დაუსრულებლად იჟანგება. სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა სუსტების ძლიერებისაგან დასაცავად, ე. ი. ერთის მხრივ ქართველების დასაცავად “ძლიერი” ერების მიერ საკონცენტრაციო ბანაკებში ქართველების მოთავსების საფრთხისაგან, ხოლო მეორეს მხრივ ღარიბებისა და ზოგადად, უმცირესობების დასაცავად მდიდრების სისხლისმსმელი, უსამართლო სიძულვილისაგან, სიცოცხლის დასაცავად ეკლესიისაგან, თავის ძირითად ფუნქციებს ვერ ახორციელებს. ამ სახელმწიფოს არ შეუძლია ადამიანი გადაარჩინოს აბსურდული განსჯის განკითხვის დღეს და დაიხსნას ის მომაბეზრებელი, უაზრო, ღატაკური და საზარლად ერთფეროვანი ცხოვრების მარწუხებისაგან... სახელმწიფო, რომელიც ჩვენ შევქმენით, იმთავითვე ღალატის მსხვერპლად იქცა. მას ყოველთვის ღალატობდა ყველა, ვისაც ამის სურვილი გააჩნდა და ვისაც ეს შეეძლო. ღალატი არის მრავალმხრივი. ღალატია ღარიბების, სუსტების, ქალების, განსხვავებულების, უმცირესობებისათვის უფლებების წართმევა, მათი უფლებების ფიქციად გადაქცევაში მონაწილეობის მიღება. ხალხის მოღალატეებს არ ასცდებათ უმკაცრესი სასჯელი, რადგან ეს სასჯელი თავად მთელი სამყაროს, მისი უზენაესი კანონების მიერ არის დეტერმინებული, მაგრამ ამას მხოლოდ ერთეულები თუ ითვალისწინებენ, მხოლოდ ერთეულებს ესმით ლოგიკის მნიშვნელობა.

საქართველოში ოდნავ განსხვავებულად რომ გეცვას, ესეც კი დიდ აურზაურს იწვევს, არათუ მნიშვნელოვნად განსხვავებული ქცევა, ნორმებიდან ისეთი გადახვევა, რაც არ არღვევს ევენტუალური მნიშვნელობის ჰარმონიას, მაგრამ არღვევს დამკვიდრებული/დამყაყებული ცხოვრების წესის აბსურდულ ნორმებს.

თქვენ ღარიბები და უმცირესობები ახლახანს ერთსადაიმავე კონტექსტში მოიხსენიეთ. რატომ ფიქრობთ, რომ ღარიბი მოსახლეობის უმცირესობაა?

თუ რომელიმე მეტნაკლებად ობიექტურ სტატისტიკას ნახავთ, ღარიბები საქართველოში უმრავლესობას შეადგენენ, მაგრამ პირადად ჩემთვის სიღარიბე ძირითადად ფსიქოსოციალური კატეგორიაა და არა მხოლოდ სოციალური. საკუთარი სიღარიბის აღიარება მხოლოდ უმცირესობას შეუძლია. ადამიანთა უმრავლესობისათვის იმის თქმა, რომ ღარიბია, ისევე ძნელია, როგორც მაგ. იმის თქმა, რომ ბევრი არაფერი იცის. საკუთარი სიმდიდრის საზომი ადამიანის გემოვნება და ინტელექტია. ამიტომ მე ღარიბებს, იმის მიუხედავად, არის თუ არა უმრავლესობა სტატისტიკის მიხედვით ღარიბი, მე უმცირესობაში ვაქცევ. ამ თვალსაზრისით უმრავლესობა ღარიბი რომ იყოს, ის საკუთარი სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას შეძლებდა. მაგრამ, ღარიბების უმრავლესობა ცდილობს იმაზე მდიდრად წარმოჩინდეს, ვიდრე სინამდვილეშია და ის ხალხი, რომელიც საკუთარ სიღარიბეზე ლაპარაკობს, უდიდეს უმცირესობას წარმოადგენს. ამიტომ არის სოციალური პრობლემების მოგვარება ასე რთული.


21.11.2008

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten