ვაშლები თოვლიანი ცის ქვეშ

შიშველი სცენა.

შუაში დგას საყავე მაგიდა.

მაგიდაზე დგას ყავადანი, ვერცხლის სასანთლე და ვერცხლისავე სამი პატარა ფინჯანი.

მაგიდასთან დგას სავარძელი. სავარძელზე ზის გორდა. თოვლივით თეთრი წვერი. გადაჯვარედინებული ხელები. ნაიარევი ორივე ხელისგულზე.

საღამო.

(უსიცოცხლო ხმა): აი, როგორც იყო... როგორც არის. ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა. ფეხბურთი და ბოსტნეულის წვენი. სულერთია, ამ ქვეყანაში მაინც ვერაფერს ეღირსებით კარგს (ამთქნარებს). თავი ქუდში. ვაშლივით გადატკრეცილი ლოყები. ყველაფერი უკვე სულერთია. სულ ვეუბნებოდი საკუთარ თავს, ვინმე შეიყვარე, გორდა, სანამ დროა (ახველებს), მაგრამ არაფერი გამოვიდა. ვინც შევიყვარე, იმან შემიძულა. რა დროა? საღამოს ცხრის ნახევარი. მალე ცხრა იქნება. სამჯერ სამი არის ცხრა. ეს სამიანის სამყაროა. დრო ცხრა მთას იქეთ გადაიხვეწა. სამოცდაცხრა მენატრება. სულ ვეუბნებოდი საკუთარ თავს, დროა, მოკვდე, გორდა, დროა, დაიშალო, მაგრამ ვერა და ვერ გავძეხი ნესტის სუნით. რაღაც არ მაკმაყოფილებს.

თითქოს გულს წყდება სიმი.

მთას წყდება ნამი.

ცხრა გაყოფილი სამზე არის სამი.

კი, მალე ცხრა საათი მოვა. ვისთვის რა აზრი აქვს, თორემ... გული გაზეთილი ჭანჭიკივით დახტის საგულეში. სულ ვეუბნებოდ გულს, საგულეში ჩამდგარიყო, დაწყნარებულიყო, მაგრამ ძნელია უგულობა. ძნელია, როცა ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ ერიჰაა, ფაფუ გული და გულის ნაცვლად დაზეთილი ჩვრები გიდევს იქ, შიგნით, სიცარიელეში, ჩვრებში კი ჭანჭიკია გახვეული, ხელის წავლებას ცდილობ და ბაყაყივით სწრაფად გისხლტება, ეს ჭანჭიკი-ბაყაყი გისხლტება ხელიდან და სადღაც გაგირბის, მიგატოვებს და ცალკე დაგტოვებს და შენც თითქოს გისოსებში ხარ მოქცეული. სიყვარული (ხარხარებს). ნეტავ არ გამაგონა ეს სიტყვა. ეს სიტყვა კი არა სეტყვის ნატეხია, ისე აციებს გულს. შეიძლება გაკდეს გული, თუნდაც ეს გული კი არა, სეტყვის ნატეხი ან ჭანჭიკი იყოს.

სიჩუმე.

ყველაზე დიდი მადლი ამქვეყნად, ყველაზე დიდი მადლი ამ ქვეყანაში სიკვდილია. სულ ვეუბნებოდი საკუთარ თავს, უკვე დროა, მაგრამ არა და არა. სიკვდილს ულამაზესი გოგოსავით ნაზი ტუჩები აქვს. რამდენი გოგო მყოლია? ათასი? უფრო მეტი? არ ვიცი. კოცნა და მინეტი წყვდიადში. საქართველოში კი მარტო სიკვდილს შეიძლება აკოცო, მარტო სიკვდილს შეუძლია მინეტი გაგიკეთოს, აქ მხოლოდ სიკვდილია დღეში სამოცდაცხრა. ზოლიანი კატა დახტის სახურავზე. ჭრელი ძაღლი ნაგავში იქექება. ორივე სატრფოს ელოდება, ზოლიანი კატა სხვა კატას, ძაღლი სხვა ძაღლს, ჩემი სატრფო კი ამ დამპალ ქვეყანაში მარტო სიკვდილია და ისიც კი აგვიანებს პაემანზე.

პაუზა.

იყო დრო, საკუთარ თავს ვკითხე, რა არის ეს? ნუთუ ეს არის ის?.. თუ ეს ის არის, მაშინ... მაშინ პატარა ვიყავი. მწამდა, რომ ფულით ბევრს ვერაფერს იყიდის კაცი. რისი ყიდვა შეიძლება ფულით?! ლამის ოცი წლის წინ იყო უკანასკნელად, ქალი რომ გავიცანი შეყვარების მიზნით. კი, ეს იყო შეყვარების უკანასკნელი მცდელობა ჩემის მხრივ. მოშხამულივით ვცადე, სიყვარულს დავწაფებოდი მე, მთელი სამყაროს... ეჰ... კარგი გოგო იყო, სიმპათიური. ყველაფერი აღვუთქვი. მთელ სამყაროს მივცემდი იმ სულელს, მაგრამ არაო, ვერ შეგიყვარებო. გულისკარი დახურული ჰქონდა. რატომ გვეუბნებიან უარს სიყვარულზე?! განა არის ამაში ლოგიკა?! არა, არ არის! ნეტავ, რა ნახა ამ ხალხმა ფულში ასე მნიშვნელოვანი? მართლაცდა, რისი ყიდვა შეიძლება ფულით? მაგრამ ფული მოდაშია. ეს არის ამ სულელებისათვის მთავარი. მთავარია, რაღაც მოდაში იყოს და თუნდაც ცხელი ტყვია, დაუფიქრებლად მიუშვერენ მკერდს. ფული ყოველთვის საკმარისზე მეტი მქონდა. ამიტომ ვიცოდი, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. უარის შემდეგ შეშლილივით გავვარდი გარეთ. თოვდა. ციდან უზარმაზარი ფანტელები ცვიოდა და გზაზე მკვდარი თოვლი ისე ბრწყინავდა, თითქოს ალმასებიაო. დავინახე, ქუჩის კუთხეში ვაშლის გამყიდველები იდგნენ, ასე, სამოციოდე წლის მამაკაცი დაღარული სახით და თხუთმეტიოდე წლის ბიჭი. ხის ყუთით ვაშლები ედგათ თოვლში, თავზე ათოვდათ, თოვლი ედო უსახურ ქუჩას, თოვლი ედო ცვრიან ვაშლებს ხის ყუთში, თოვლის ფანტელები მატლებივით დაცოცავდნენ და სულში მიძვრებოდნენ... მანქანაში ჩავჯექი, მძღოლს ვუთხარი, სადმე წამიყვანე-მეთქი, კარგად იცოდა, სადაც უნდა წავეყვანე. წამიყვანა კიდეც იდასთან. იდა ძველი სუტენიორია, რაც იდას თბილისელი გოგოები ჰყავს გარდაქალწულებული, ვერავინ მოსთვლის. იდა თავისი საქმის პროფესიონალია. საკმარისია, ფული უხსენო და ყველაფერს გააკეთებს, გაუჩინარს გააჩენს. არაჩვეულებრივია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ ჩვენს დროში, ადამიანები, რომლებსაც რაღაც მაინც უყვართ სიკვდილზე მეტად, თუნდაც ისეთი სულელური რაღაც, როგორიც ფულია. იდამ სახეზე შემომხედა და მიხვდა, რომ ცოტაც და კლიენტს სამუდამოდ დაკარგავდა, ამიტომ მითხრა, "რამეს მოგიხერხებო," ოღონდ ერთი თვე გამომთხოვა. "ხომ იცი, მაინც თბილისია გორდა, საქართველო. რატომ არ მიდიხარ ამ დამპალი ქვეყნიდან?" თუმცა უვიცია და ხეპრე, იდას არ სწამს ღმერთი, მისი გულის ის ადგილი, რაც ადამიანების უმეტესობას ღმერთით აქვს ამოქოლილი, ცარიელია და ამიტომ ფულის გარდა თავისებურად ადამიანების შეყვარებაც შეუძლია, თუნდაც ძველი კლიენტების. ორი თუ სამი კვირა ველოდი სანამ დამირეკავდა. ვთხოვე, პირდაპირ სასტუმროში ამოეყვანა ახლადგაცნობილი გოგო. გოგო სოფლელი იყო და თვეში 50 დოლარისთვის მაღაზიაში მუშაობდა კონსულტანტად. რისი ყიდვა შეიძლება 50 დოლარით? ამ რამდენიმე წლის წინ არ იყო, ავსტრიის ლტოლვილთა ბანაკში პაკისტანელმა რომ ბენზინი გადაისხა და თავი მოიკლა იმის გამო, რომ თვეში ფულად 320 ევრო ბინასა და კვებასთან ერთად არ ჰყოფნიდა? მაგრამ მე რომ მივსულიყავი იმ გოგოსთან და მილიონიც რომ შემეთავაზებინა, ჯანდაბას იქით გამაგზავნიდა, იდამ კი კარგად იცის თავისი საქმე, იდა თავისი საქმის პროფესიონალია. დაიყოლია, ჩემი საყვარელი გამხდარიყო, თანაც თვეში სულ რაღაც 250 დოლარად, 250 დოლარი უზარმაზარი ფულია მაშინ, როცა 50 დოლარად სულს გხდიან მუშაობით. ამ 50 დოლარიან ყვლეფას ყველაფერი სჯობს მეძავობის ჩათვლით. ის იმ ღამით ჩემთან დარჩა სასტუმროს ნომერში, მე ამოვიღე ჩემი პენისი და ვუჩვენე, მან შეხედა პენისს ისე, როგორც ბარტყი უყურებს მახრჩობელა გველს, რომელმაც ის უნდა გადასანსლოს, მაგრამ იმ ღამით მე მას ისე თამამად ვეალერსე, როგორც არცერთ პორნოფილმში, ისე თამამად, როგორც ის ნაზარეველი ხურო არასოდეს მიალერსებია მარიამ მაგდალინელს, დილით კი შევატყე, რომ უკვე ძველებურად აღარ სძულდა ყველა კაცი, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ის. მე მთელი თვის მანძილზე თავდაუზოგავად ვეალერსებოდი მას, ვეალერსებოდი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით (ჩემი საყვარელი სამოცდამეცხრეც გვქონდა რა თქმა უნდა), ერთი თვის თავზე კი ნასახიც აღარ იყო დარჩენილი იმ ძველი საყვარლისაგან, სახე დაეწმინდა, თვალებში აგიზგიზებული ვნება და ცეცხლი ჩაუდგა, ის ცეცხლი, რასაც უნდილი ტრადიციული კაცების გადამკიდე ვერსად ნახავთ აქაურ ქალებში და მივხვდი, რომ ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით და არა ისე, როგორც ამას ტელესერიალებში თუ ტელევიზიებზე გასულ გადაცემებში გულისხმობენ. მაგრამ ერთი თვის თავზე ის მოულოდნელად გაქრა, თითქოს აორთქლდა. მე მის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სოფელში ცხოვრობდა, სოფლიდან იყო, რომელი სოფლიდან იყო, არ ვიცოდი, ტელეფონზე არ მპასუხობდა. გადარეულივით გავვარდი იდასთან, მანაც არაფერი იცოდა. მე მხოლოდ სულ ახლახანს გავიგე, თუ რა მოხდა. თურმე ის მოსწონებია ერთ-ერთ მაშინდელ მინისტრს, ჰოდა, იმ დღეს, როცა ჩვენ უკანასკნელად ვნახეთ ერთმანეთი, ის დააკავეს და უთხრეს, რომ ჰაშიში აღმოუჩინეს. მინისტრი შეჰპირდა, რომ გაანთავისუფლებდა, ოღონდ მისი საყვარელი უნდა გამხდარიყო. ვერ გამიბედავდნენ, საყვარელი წაერთმიათ ჩემთვის, იცოდნენ, შუაზე გავგლეჯ ნებისმიერს, ვინც ასე მომექცევა, მაგრამ ანა დააშინეს და აიძულეს გაჩუმებულიყო, ის ქალი იყო, აქაური ქალი, აქაური ქალების დაშინებას კი რა ბევრი რაღაც უნდა. ასეა, აქაურ მინისტრებს შრომა არ სურთ, ისინი დღემდე მხოლოდ მზამზარეულის მისაკუთრებას არიან მიჩვეულები, მე უნდა მივანიჭო უკვდავება ქართველ ქალებს, ხოლო როცა ქართველი ქალები იმ დონემდე მივლენ, რომ მათთან სასიყვარულო ურთიერთობები უკვე რამედ ღირს, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც მთელ ნაშრომს წყალში ჩაგიყრის და მანამ არ მოისვენებს, სანამ ქალი ისევ უსიცოცხლო, გულქვა და ყველაფრისადმი გულგრილ არსებად გადაიქცეოდეს. წარმოდგენა არ მაქვს, ასეთს რას უკეთებენ ქალებს ეს იდიოტები. მაგრამ სულერთია. დღეს ის მინისტრი მკვდარია, მკვდარია ასევე ანაც, მე კი ცოცხალი ვარ და არა და არ ვკვდები ჯერაც. სიკვდილმა დამივიწყა. ის არ მოდის ჩემთან, პაემანზე. ასეთები არიან აქაური სიკვდილი და აქაური ქალები, ისინი ყოველთვის იგვიანებენ.



ფოტო: Getty Images

27.02.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten