ქალის სექსუალური თავისუფლება

თქვენ არაერთხელ გამოგიხატავთ საკუთარი უკიდურესად უარყოფითი პოზიცია ქალიშვილობის ინსტიტუტის მიმართ. რა არის მიზეზი იმისა, რომ ამ პრობლემას არა და არ მოეღო ბოლო?

ამაში დამნაშავეა მ. სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი, რომელიც დასავლეთის ცივილიზებული წრეების წინაშე ცდილობს, ლიბერალის ნიღბით წარსდგეს. სრული ცინიზმია საკაშვილის ლიბერალად და პროგრესულ პიროვნებად გამოცხადება. მსოფლიოში ალბათ არ არსებობს მეორე ქვეყანა, სადაც ქალთა სექსუალური და სხვა სოციალური უფლებები ისე ბარბაროსულად ილახება, როგორც ეს ხდება საქართველოში. საქართველოს მმართველი ფაშისტური რეჟიმი კი არაფერს აკეთებს ქალთა უფლებების დასაცავად და ყველანაირად უწყობს ხელს ამ უფლებების შელახვას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა, დ. ლორთქიფანიძემ "რუსთავი2"-ის გადაცემა "შუა დღეში" გამოსვლისას პირდაპირ განაცხადა, რომ ხელისუფლება ზრუნავს ქალთა სექსუალური უფლებების დასარღვევად და ყველაფერს აკეთებს საამისოდ (იხ. გადაცემა "შუა დღე" 19/10/2011).

ხელისუფლების გარდა ძირითადად კიდევ ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ქალთა უფლებები ასე ირღვევა?

ძირითადად ეს არის ეკლესია. ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩაგვრის ინსტრუმენტი. ამიტომ მე მოვუწოდებ მოსახლეობას, ნუ ენდობიან იმ ძალებს პოლიტიკაში, რომლებიც მხარს უჭერენ რელიგიას.

მამაკაცებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი სექსუალური უფლებები მოიპოვეს. მაგრამ რაც შეეხება ქალებს, მათი მდგომარეობა ოდნავაც არ გაუმჯობესებულა. რა არის აუცილებელი იმისათვის, რათა ქალები ბოლოსდაბოლოს საკუთარი სტატუსით მამაკაცებს გაუთანაბრდნენ?

აუცილებელია მეტი კონსოლიდაცია და ორგანიზებულობა, საჭიროა, რომ ქალებმა გაიზიარონ ჩვენი, მამაკაცების გამოცდილება ამ თვალსაზრისით.

დ. ლორთქიფანიძე ოპოზიციონერია.

კი, არის, მაგრამ "რუსთავი2" სახელისუფლებო არხია. ამ არხმა მოიწვია დ. ლორთქიფანიძე ქალთა უფლებებისა და ქალიშვილობის ინსტიტუტზე სალაპარაკოდ, რათა მთლიანად ოპოზიციის სახელი შეელახა და ყველა ოპოზიციონერი ბნელეთის მოციქულად წარმოეჩინა ცივილიზებული სამყაროს თვალში. სამწუხაროდ, მსგავს საკითხებში, როგორიცაა გენდერი, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილისა და რეჟიმის თვალსაზრისი ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდება, მაგრამ ოპოზიციაში ყველა ძალა არ არის ერთნაირი, ხელისუფლება კი თითქმის მთლიანად ერთგვაროვანია.

ზემოთხსენებულ გადაცემაში დ. ლორთქიფანიძემ გამოხატა წუხილი იმის გამო, რომ მამაკაცები საკუთარი სექსუალური ცხოვრების წესით რელიგიურ ნორმებს არღვევენ და გამოთქვა სურვილი, რომ მამაკაცების სექსუალური სტატუსი საკუთარი უუფლებობით ქალებისას გაუთანაბრდეს, რაზეც ერთ-ერთი ფემინისტური ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ამ გადაცემაში იყო მიწვეული, დაეთანხმა.

ეს სასაცილოა. მამაკაცებს თავს საკუთარ მახინჯ ცხოვრების წესს ვეღარავინ მოახვევს. საერთოდ, მე არ მესმის, თუ რატომ არის ზოგიერთი ფემინისტი მამაკაცთა სექსუალური თავისუფლების წინააღმდეგი. ეს რომ მართლაც მოხდეს და მამაკაცები ისეთივე უუფლებონი გახდნენ, როგორებიც ქალები არიან, ჩვენ მივიღებთ ისეთ კატასტროფულ და დრამატულ შედეგებს, რომ ამაზე ფიქრიც კი მიჭირს; მე ვიცნობ ერთ ახალგაზრდა ქალს, რომელმაც ქალიშვილობა დაკარგა. როცა მშობლებმა ეს გაიგეს, სანათესაო მოიწვიეს და ეს საბრალო ახალგაზრდა ქალი სახლიდან გააგდეს. ქალი წავიდა და რამდენიმე საყვარელი გაიჩინა, რათა თავი შიმშილით სიკვდილისაგან გადაერჩინა. მას იმხელა შემოსავლები გაუჩნდა, რომ დანაზოგიც კი დააგროვა, და, როგორ ფიქრობთ, რა მოიმოქმედა მან? თქვენ ალბათ გგონიათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა დაჩაგრული ქალების დასაცავად. სულაც არა! პირიქით, მან აიღო და მთელი თავისი ფული ეკლესიას შესწირა! ამიტომ როცა ადამიანის უფლებათა დამცველი ნინია კაკაბაძე ლაპარაკობს იმაზე, რომ ქვეყანაში შავი ნაცრისფერისაგან ვერ გაურჩევიათ, არ არის მართალი, იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოში საქმე გვაქვს საუბედუროდ არა დალტონიზმთან, არამედ სრულ სიბრმავესთან.

მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ძირითად თემას, დავსვათ შეკითხვა სხვაგვარად: რას მოიმოქმედებდა ეს ახალგაზრდა ქალი, დ. ლორთქიფანიძის ოცნება რომ ახდენილი იყოს და მამაკაცებიც ქალებივით უუფლებონი იყვნენ საქართველოში სექსუალური თვალსაზრისით? ეს ქალი ვეღარ გაიჩენდა საყვარლებს, ის იძულებული გახდებოდა, ემათხოვრა და, სადმე, თხრილში ვირთხები და მაწანწალა ძაღლები შეჭამდნენ. ასე რომ, იმ ფემინისტებს, რომლებსაც შურთ მამაკაცების სექსუალური თავისუფლება, ვურჩევ, ცოტა მეტი იფიქრონ იმ პრობლემატიკაზე, რის აღმოსაფხვრელადაც იბრძვიან იმიტომ, რომ მათი მცდელობები ძალიან იოლად შეიძლება აღმოჩნდეს კონტრპროდუქტიული და არათუ გააუმჯობესოს ქალთა მდგომარეობა, არამედ, გააუარესოს კიდეც, თუ ისინი ძალიან დაფიქრებით არ იმოქმედებენ. სექსში ქალთა უუფლებო მდგომარეობა და მათი ჩამორჩენა მამაკაცების თავისუფლებასთან შედარებით არის ყველას პრობლემა, მთელი საზოგადოების პრობლემა, ეს შეიძლება პრობლემა არ იყოს მხოლოდ ისეთი დემაგოგებისათვის, როგორებიც დ. ლორთქიფანიძე და მ. სააკაშვილი არიან. ასევე, მეორეს მხრივ, ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ არც მამაკაცების თავისუფლების ხარისხია ძალიან მაღალი, განსაკუთრებით ისეთ ჩამორჩენილ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მითუმეტეს, რომ რაღაც მსგავსი და ძალიან მწარე გამოცდილება უკვე გვაქვს საბჭოთა კავშირის სახით. ამიტომ მხოლოდ თანასწორობის მიღწევა საკმარისი არ არის. არ მესმის, რაღა აზრი აქვს ბრძოლას, თუ ყველა ერთნაირად უუფლებოდ ვიცხოვრებთ. მე სულაც არ მინდა, რომ ჩემი ამ ავტოინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ფემინისტური აქტივობები საქართველოში შესუსტდეს, პირიქით, რასაკვირველია, ჩემი მიზანია, რომ ეს აქტივობები მკვეთრად გაიზარდოს, მაგრამ ფემინისტები არ უნდა ცდილობდნენ ქალთა უუფლებობის "კომპენსირებას" მამაკაცთა თავისუფლების შებღალვისა და დათრგუნვის ხარჯზე, როგორც ეს ძალიან ბევრ შემთხვევაში დღეს სამწუხაროდ ხდება, როცა ადამიანებს არასწორად, დამახინჯებით ესმით ფემინიზმის არსი. გაიხსენეთ თუნდაც უკრაინული ორგანიზაცია "ფემენი" რომლის აქტივისტებიც გამოდიან ბორდელების წინააღმდეგ. ჩემთვის ეს მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად "ფემენი" ძალიან მომწონს. ბორდელები უნდა არსებობდეს, ჩვენ უბრალოდ, უნდა გავაქარწყლოთ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც სექსინდუსტრიაშია დასაქმებული. ჩემი ღრმა რწმენით, პროსტიტუცია და ეროტიკა ლეგალიზებული უნდა იყოს, ასევე, სკოლებში დაინერგოს და განსაკუთრებით ინტენსიურად ისწავლებოდეს სექსოლოგია.

ბევრმა ისიც არ იცის, თუ რა განსხვავებაა პორნოგრაფიასა და ეროტიკას შორის.

პორნოგრაფია არის იერარქიულობის პროპაგანდა სექსუალური აქტის ასახვის დროს. პორნოგრაფია არ არის მხოლოდ სექსუალური აქტის ასახვა, როგორც ეს დღეს ბევრს სამწუხაროდ ჰგონია. ზოგადად, სექსში ყველაფერი დასაშვები და მისაღებია, რასაც სიამოვნების მოტანა შეუძლია. ეს მე არაერთხელ მითქვამს.



ფოტო: Getty Images

20.10.2011

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten