ამაღლება

მოქმედი პირები:

დაჩი

ელენე

ორივე ოცდაორი წლის

დრო: ახლანდელი

ბაროკოს ავეჯით გაწყობილი ოთახი. კუთხეში კარადა დგას, ოთახის შუაში, გარშემო ხის ხმელი ორი სკამით – მაგიდა. ერთ-ერთ სკამზე ელენე ზის. მკლავზე თეთრი ლეიკოპლასტი ადევს. ფანჯარასთან მიდგმულია ყვითელი ტყავის ორი სავარძელი. ერთ-ერთ სავარძელში დაჩი ზის. ხელები სავარძლის სახელურებზე უწყვია. თავი გვერდზე გადაგდებული აქვს. მარცხნივ, ფანჯარა რკინის გისოსებიანი დარაბით ორივე მხარეს, შიგნიდან არის გახსნილი და სივრცე ყრუ, ბნელ დერეფანში გადის. დარაბის გვერდით, კარის მხარეს, სკამი დგას. მარჯვნივ, გაღებული კარიდან ორთქლი შემოდის. პიესის მსვლელობის დროს ორთქლი ნელ-ნელა მატულობს.

დაჩი: ალბათ ამიხსნი სად წახვედი. მე თვითონ არაჩვეულებრივი დღე მქონდა, თუმცა ცოტა გავცივდი... მაგრამ მაინც არასოდეს მიგრძვნია თავი ისე კარგად, როგორც დღეს. მოდი ჩემთან.

ელენე: ეს აუცილებელია? საიდან იცი, მე რომ შენთან მოვიდე, თავს უკეთესად იგრძნობ? იქნებ თავი უარესადაც კი იგრძნო.

პაუზა.

ნუ იტყვი, რომ ცუდად ხარ.

დაჩი: როგორ ფიქრობ, ის, რაც დღევანდელ დღეს შენ გადაგხდა, რაც შენ საერთოდ გადაგხდა, მე არ მეხება? ჩვენ ხომ პირველად დავრჩით ერთად, მარტო. დაივიწყე, რომ გაციებული ვარ. დღეს გაციებული ვარ, ხვალ გამივლის. ერთი დღე არაფერია. ამასაც როგორმე გავუძლებ.

პაუზა.

მომიყევი, რა ხდებოდა ქუჩაში.

ელენე: ეს მე არ მეხება. არც შენ გეხება. რაც მე არ მეხება, ჩემი საქმე არ არის. რაც ჩემს ახლობლებსა და მეგობრებს არ ეხება, არ არის ჩემი საქმე. თუ გინდა, მარტო იმაზე ვილაპარაკებ, რაც მე გადამხდა.

დაჩი: მომისმინე. შენც გრძნობ? ძალიან უცნაურია... კარს გააღებ და თითქმის მაშინვე სიცივე შემოდის. თითქოს ორთქლი შემოდის. იცი, როგორ გამიხარდა? რამდენს ვოცნებობდი ამ დღეზე. ჰოდა, ეს დღეც დადგა. ძალიან მიხარია, რომ მარტო დავრჩით. თანაც, ეს ჩვენ, ყველას გვეხება.

პაუზა.

ძალიან მიხარია ჩვენი ერთად ყოფნის პირველი დღე. სიცივეს გრძნობ? ქარს? არა, შენც გრძნობ სიცივეს? იქნებ, მაცივარის კარი დაგრჩა ღია ან კონდიციონერი ჩართული? თუ არ გეწყინება, გავალ და შევამოწმებ. ყველაფერს გულდასმით დავათვალიერებ. ძალიან მნიშვნელოვან რაღაცეებს შევამოწმებ. ცოტა ხანში... როცა ლაპარაკს მოვრჩებით, მერე გავალ.

სიჩუმე.

ელენე: შენ უბრალოდ გაციებული ხარ. აქ მაინცადამაინც არ ცივა. მე თვითონ შევამოწმე, – ყველა გარეთა კარი საიმედოდ არის დაკეტილი. ქარი კი არა, ნიავი რაა, ისიც კი არსაიდან უბერავს. გეჩვენება ნამდვილად. სამზარეულოდან ცოტა ორთქლი შემოდის. მეტი არაფერი.

დაჩი: მომისმინე. აი, შენ თითქოს სულ მნიშვნელოვან რაღაცეებზე ლაპარაკობ. დღესაც ლაპარაკობდი. იქნებ, იცი კიდევაც რაღაც? რაღაც, ძალიან მნიშვნელოვანი. მეც მინდა გავიგო. ყველაფერს გავიგებ. სული მაინტერესებს. რა ემართება ქალის სულს? შენ ქალი ხარ. აქ დაჯექი. შეეცადე ჩამოყალიბდე. სცადე თვითონ ჩამოყალიბდე და აზრი ამის შემდეგ ჩამოაყალიბო. მეტისმეტად ნათელი თვალები გაქვს. ცის ფერი. აბსოლუტურად... პირველად შენი თვალები მომეწონა. მაგრამ მე არ ვეცდები ყველაფერი გავიგო.

სიჩუმე.

ელენე: იქ ყველას ასეთი თვალები ჰქონდა.

დაჩი: სად?

ელენე: უნივერსიტეტში. იქაც ციოდა.

დაჩი: მერე? მერე რას აკეთებდით?

ელენე: ყველანი ერთ ოთახში ჩავიკეტებოდით ხოლმე. რა თქმა უნდა... უცნაურია. როგორც ახლა. ვიმეორებდით. აუცილებელ დავალებებს ვასრულებდით... არ მომწონდა იქაურობა. მაგრამ მერე.

პაუზა.

დაჩი: არა, რა ხდებოდა მერე? იქნებ ამიხსნა, მერე რა ხდებოდა? იქნებ უკეთესად ამიხსნა? კონკრეტულად ჩამომიყალიბო, რა ხდებოდა ხოლმე იქ? სცადე. უნდა გამოგივიდეს. როგორც მე.

ელენე: ჰო, მერე ყველა ჩვენს დავალებას ცალკე გადავდებდით. ყველა ჟურნალს ერთ ადგილას, კუთხეში ვაგროვებდით და ჩვენ რაღაც გვიხაროდა. არაფერს ვაკეთებდით. პოლიციელები შემოდიოდნენ. სულ სხვადასხვა პოლიციელი. კარი იღებოდა და იხურებოდა. განუწყვეტლივ. კარიდან გავდიოდით და შევდიოდით ხოლმე... როცა აცივდებოდა. დერეფანში. სანამ ვინმე შეგვამჩნევდა... მოსაწევად გავდიოდით. დასალევადაც.

სიჩუმე.

დაჩი: შენ პოლიციელებზე არასწორი წარმოდგენა გაქვს. პოლიციელები რომ არ არსებობდნენ, მაცივარსაც მოგვპარავდნენ, კონდიციონერსაც. ჰოდა, აღარც მაცივრის კარი დაგვრჩებოდა ღია. მერე იცი, გარშემო როგორი ტემპერატურა იქნებოდა? არც ცივი, არც ცხელი, სინათლის გარეშე გვირაბის ბოლოს. რაღაც ყველასათვის საერთო, დაუსრულებელი. სამყაროს სიცარიელე, როგორც დომინოს ქვაზე. უსასრულობა. საკუთარ თავზე გადაძვრომასაც აღარავინ ისურვებს, მითუმეტეს, სხვაზე. ისინი ამ ყველაფერს უფრთხილდებიან. ბალანსს იცავენ. ძალიან ხომ არ შეგაშინე?

ელენე: არა.

იცინის.

დაჩი: ეს უკვე ნორმალურია.

ელენე: არა. პირადად შენ მაინც არასოდეს გესმოდა ხოლმე ჩემი. ახლაც არ გესმის. მე მომწონდა ისინი. სიცივეც... მაგალითად, ადრე მამაჩემის ბუღალტერი მომწონდა. ისიც ბალანსს იცავდა. როგორც ღმერთი. ისინი ღმერთივით ბიჭები იყვნენ.

დაჩი: შენ ღმერთზე არასწორი წარმოდგენა გაქვს. რა იცი მასზე? როგორ შეიძლება, ღმერთი, პოლიციელი და ბუღალტერი ერთმანეთში შეგეშალოს! მე, მაგალითად, კბილები სამჯერ გამოხეხილი თუ არ მაქვს, ღმერთს არც ვახსენებ. უდიდესი ბედნიერებაა, როცა ღმერთით ხარობ, ღმერთის შექმნილი სამყარო გაჯადოებს, რომანტიკა გხიბლავს, ღმერთის კანონები გატყვევებს... როცა მაღლდები... ოდესმე ამაღლდები. და ზევით წახვალ. მეშვიდე ცაში. მიწის გარეშე დარჩები. განთავისუფლდები.

პაუზა.

აუცილებლად უნდა გვარიგებდეს ვიღაც. ელენე: შენ რაღაც გაინტერესებდა. ძალიან უცნაურია. უცნაურად ლაპარაკობ. ადამიანები... ჩვენ ადამიანები ვართ.

დაჩი: რა?

ელენე: ადამიანები... არაფერი. სულ გეხუმრები.

დაჩი: მეც.

სიჩუმე.

ელენე: ჰო. აი, მე შენი ცოლი ვარ. ოთხი წელი გავიდა და… ასე უცებ!.. ასეთი რამ მხოლოდ თბილისში შეიძლება მოხდეს... დილასაც ბაღში გავედი. ვარდებს დიდხანს ვუყურებდი. საოცარი სურნელი ვიყნოსე. ფურცლებზე წყლის წვეთები ლალის თვლებს ჰგავდა. ხეებსაც ფოთლები მწვანე ჰქონდა. არა, მწვანე კი არა, უფრო ზურმუხტისფერი. ღეროებზეც წვეთები ელვარებდა. ბრილიანტებივით. ძალიან. ვხატავდი. ნახატები მაშინვე მამაჩემს მივუტანე. თაროზე შემოდო. მაღლა. ”ჩემს კაბინეტში ყველა ნახატს თავისთვის განკუთვნილი ადგილი აქვსო,” ასე ამბობს ხოლმე. ყოველთვის ასე ამბობდა. სერიოზულად იმეორებდა ხოლმე ამ სიტყვებს. იცი, ახლაც რა დამაჯერებლად იმეორებს? კიდევ, ის კაცი ვნახე.

დაჩი: რომელი კაცი? დღეს კიდევ ვინმეს შეხვდი? მე ყველაფერი უნდა ვიცოდე. უფლება მაქვს. მე ყველაფრის უფლება მაქვს. რაც ოჯახში მოხდება, ყველაფერი უნდა ვიცოდე. ქმარს აქვს ამის უფლება. ცოლსაც. მე თანამედროვე ადამიანი ვარ. ქორწინება ჩემთვის წმინდათა წმინდაა.

ელენე: აი, ის კაცი, მე რომ გუშინ მოგიყევი... ალბათ გახსოვს. ავეჯის გამოტანა მინდოდა. ჩვენი ავეჯი ახლაც არ მომწონს. დედასთან მისვლა მინდოდა დამოუკიდებელი ცხოვრების ასაწყობად... ჩვენი ბინის ხელახლა მოსაწყობად. შემრცხვა... კიდევ ერთხელ შემრცხვა. მაშინ გავიცანი. თავისთან დამპატიჟა. ფირმა ჰქონდა. უდიდესი ფირმა. უზარმაზარი ოფისი _ ნახევრად ბანკი, ნახევრად საწყობი. რაღაც ბოთლებითა და ფირფიტებით სავსე საწყობი. თვითონ გარკვევით არაფერი აუხსნია. მაგრამ მე დავინახე... საწყობში ყველაფერი შეფუთული და დაფასოებული იყო. დახარისხებული. ზოგიერთ ყუთს მტვრის გროვა ედო. მთელი მუჭა მტვერი. ოღონდ, ისინი ხმარებიდან უკვე ამოღებული იყო. მაღლიდან დასკვნაც იდო. ექსპერტების დასკვნა. მტვერთან ერთად. ”ასეთი რამ აღარ განმეორდებაო,” ასე მითხრა. თვითონ სამეცნიერო ხარისხები ჰქონდა, მაღალი თანამდებობა. საპატიო დოქტორი იყო. გაიცინა. გარეთ ვუცდიდი, სანამ გამოვიდოდა. დაბლა გუბეები იდგა. თვლებივით... ტუმბოს რეზინის ბოლოებით შუაში. სახეს ჰგავდა. სევდით დაღლილ სახეს. მუშები მოვიდნენ. ტუმბო ჩართეს. სისუფთავისაგან მერე ყველაფერს კრიალი გაუდიოდა. სახეს ისევ ვხედავდი. საკუთარ სახეს. ვცნობდი. გამოვიდა. მერე მაღლა ავედით. თანამშრომლები ფუსფუსებდნენ. მუსიკა მესმოდა. გაურკვევლობა რომ არ ჩამოვარდნილიყო, მუსიკა ისმოდა. ესეც თვითონ ამიხსნა, თურმე, ასე იყო საჭირო. ჰო, კასტინგი იყო. რეკლამა უნდა გაეკეთებინა. ღარიბების, მოხუცებისა და ბავშვებისათვის. დანარჩენებისათვისაც. მითხრა: ”ჩემს პროდუქციას მნიშვნელოვანი რეცეპტი აქვს, რომლის საიდუმლო მხოლოდ მე და ჩემმა ყველაზე ერთგულმა თანამშრომლებმა ვიცითო.” ძალიან გამხდარი, ახალგაზრდა, ლამაზი ბიჭები და გოგოები ელეგანტურ ტანსაცმელში ჩაცმულები მიდიოდნენ და მოდიდნენ. სცენაზე ამოდიოდნენ და სიღრმეში უჩინარდებოდნენ. ისევ და ისევ. სველი მინის კარს მიღმა. ახლად გაწმენდილ კარს იქით გადიოდნენ.

დაჩი: არ მოგეწონა?

ელენე: ეს – არა. ის ამბობდა: ”კიდევ ხუთი კილო უნდა დაიკლონ, სასიცოცხლო გამომსახველობით ძალას ასე ვერ ეზიარებიან, რაც შეიძლება ნაკლები სექსი და მეტი ბოსტნეულიო.” რაღაც აბები დაუნიშნეს. თურმე ყველა კირჩხიბი იყო. გოგოებმა ამიხსნეს, რომ ზოდიაქოთი თვითონ ლომი იყო. მერე გარეთ გამოვედით. ძალიან ნათელი ღამე იდგა. მან თითი მაღლა აიშვირა, ვარსკვლავებისაკენ. ეტყობა, უნდოდა ჩემთვის ლომის თანავარსკვლავედი ეჩვენებინა.

დაჩი: მერე? მერე კიდევ რა მოხდა?

ელენე: ერთი გოგო მაღლა, კუთხეში იჯდა. სცენაზე არ გამოსულა. სიცილით კვდებოდა. მერე ისიც გარეთ გამოვიდა... აღარ მინახავს. ვარსკვლავებს დიდხანს ვუყურებდი. თვალს ვერ ვაშორებდი. მოლოდინი... მაგრამ მე ლომის თანავარსკვლავედი არ მინახავს. ძალიან ლამაზი ვარსკვლავები იყო. ძალიან ნათელი ღამე. ვერ ვამბობდი, რისი თქმაც მსურდა. შენს მეტს, აბა, ამას ვის ვეტყოდი?

დაჩი: გულზე მომეშვა. კარგია, რომ ამ დღესაც ჩვეულებრივად ჩაუვლია.

პაუზა.

ყოველთვის ასეთი წარმოდგენა მქონდა დღევანდელ დღეზე.

ელენე: მე – არა!

დაჩი: რას ნიშნავს, არა? მე ასე არ ვფიქრობ. მაპატიე, რომ პირდაპირ ვამბობ ამას. მეგონა, რომ მთელ ცხოვრებაზე მომიყვებოდი, რაღაც, ძალიან მნიშვნელოვანს მეტყოდი. შენს სულზე მიამბობდი. შენ კი არ გინდა ყველაფერი ერთ ნაკადში მოაქციო. მხოლოდ ერთ რაღაცაზე მელაპარაკო. ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ბუნდოვნად ლაპარაკობ. უცნაურია. შენ, მაგალითად, არც იცი, რომ მე შემიძლია არც გითხრა ეს ერთადერთი სიტყვა.

ელენე: რომელი სიტყვა. არ მესმის, რაზე მელაპარაკები.

დაჩი: აი, მაპატიე-მეთქი, როცა გეუბნები. ქმრები ცოლებს ხშირად უნდა ეუბნებოდნენ ხოლმე ამ სიტყვას. მაპატიე-მეთქი, რომ ვამბობ, ეს ჩემს გამო არ ხდება. ეს ნიშნავს, რომ პატივს გცემ. გაფასებ. შენი პიროვნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქმრები ცოლებს ასე არ ექცევიან.

ელენე: აბა, მაშ როგორ ექცევიან?

დაჩი: ისე. უბრალოდ. ჩვეულებრივ... შენ რა, ჩემი უფროსი ხარ, რომ პატივს გცემდე?

ელენე: ამით იმის თქმა გინდა, რომ არ უნდა გიყვარდე?

დაჩი: არა. სიყვარული არც მიხსენებია. ღმერთი თვითონ სიყვარულია. ხომ ხედავ, ისევ დაგიმტკიცე, რომ ჩვენ მარტო არ ვართ.

ელენე: შენ არ თქვი, მარტო ვართო.

დაჩი: ეს ისე ვთქვი, სიტყვას მარილი რომ მისცემოდა. რომ იცოდე, მარილი და ყინული ისევე სჭირდება სიტყვას, როგორც ხორცს. იცი, ერთხელ რა მითხრეს?

ელენე: რა?

დაჩი: რომ მე ლიდერობისათვის ვარ გაჩენილი.

ელენე: ვინ გითხრა?

დაჩი: რა მნიშვნელობა აქვს?

ელენე: ალბათ აქვს.

დაჩი: უბრალოდ, ერთხელ მითხრეს.

ელენე: და შენც დაიჯერე?

დაჩი: რატომ არ უნდა დამეჯერებინა?

პაუზა.

შენც ხომ ამის გამო გამომყევი ცოლად?

პაუზა.

იცი, რომ გაიძულეს?

ელენე: რა მაიძულეს?

სიჩუმე.

დაჩი: ჩუმად გაიძულეს, რომ ოთხი წლის მერე ისევ არაოფიციალური ცოლ-ქმარი გავმხდარიყავით.

პაუზა.

იცი, როგორ მიყვარს, როცა რაღაც ოფიციალურად ხდება? მაგალითად, ფული. ნებისმიერი ბანკნოტი ერთმანეთს ჰგავს. განსაკუთრებით სანიმუშო ბანკნოტები. ყველა სანიმუშო ბანკნოტზე ნულებიც კი ერთნაირია. ზუსტად მეორდება. მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნულები მეორდება. ერთხელ მე ისინი ბანკში ვნახე. კედელზე მიყოლებით ეკიდა. საჩვენებლად.

პაუზა.

მერე? კიდევ განაგრძე.

ელენე: ვიტომ დამირეკა. ოღონდ, ჩემმა მამიდაშვილმა. იმან არა... წავედით. რუსთავის გზაზე გავედით. სპორტული მანქანით. ბოლო გამოშვების მანქანით. ჰო, ის ტექნიკის ბოლო სიტყვა იყო, ვიტომ ასე ამიხსნა. ჯერ ცოტა ვჭამეთ. სალონის პატარა ტელევიზორში კინოსაც ვუყურეთ. ძალიან საინტერესო კინო იყო. სპორტსმენი ბიჭები და მომღერალი გოგოები ერთმანეთს დასდევდნენ. ბევრს ვარჯიშობდნენ. არაფერს აკეთებდნენ... მარტო თინა იწვა ჩუმად. უკანა სავარძელზე. ძალიან დაღლილი იყო. მკვდარივით იწვა. ეძინა. ვიტომ ორი ჭიქა არაყი დალია. იქ მუშაობა დაუწყია. ისინი ადღეგრძელა, აი, ვინც ცოცხლობს, მაგრამ... რომ გამაგრებულიყო, იმიტომ დალია. ამბობდა: ”რაღაც მინდა დავივიწყოო.” მართლა ძალიან მნიშვნელოვანის რამეების დავიწყება უნდოდა... თანაც ერთის კი არა, მილიონის... არა, მილიარდების... არ ვიცი... რაღაც, ძალიან მნიშვნელოვანის დავიწყება უნდოდა. ყველაფრის დავიწყება ერთად. გარკვევით არაფერი აუხსნია. ამიტომ გააქროლა. ყველა მანქანას უსწრებდა. კიდევ, ამბობდა: ”ნახეთ, რა სწრაფად მივაჭენებ ჩემს ბედაურსო.” წინ ხის მორებით დატვირთული სატვირთო მანქანა შემოგვხვდა. ვიტომ სწრაფად დაამუხრუჭა. მე კარის სახელურზე მკლავი გავიკაწრე. ოდნავ. სულ ეს იყო. მოკლედ, საღამომდე ასე ვერთობოდით.

სიჩუმე.

დაჩი: მერე? კიდევ რა მოხდა?

ელენე: აქამდე მომიყვანეს. ახლოს. სახლის კართან. ვიტომ მითხრა, ყველაფერი მიამბე, თუ რაღაც ახალი მოხდესო.

პაუზა.

ამის შემდეგ აქ მოვედი. მეტი არაფერი.

დაჩი: ყოველთვის ვიცოდი, რომ მხოლოდ ჩემზე ფიქრობდი.

ელენე: მაგრამ ჩვენ დაქორწინებულები მაინც არ ვართ.

პაუზა.

ერთ შეცდომას, მეორე მოსდევს.

სიჩუმე.

დაჩი: ჰო. შენ ძალიან ლამაზი ხარ. მე შენ არ დამიმსახურებიხარ. იცი, ყველაფერში დამნაშავე მე ვარ. ოთხი წელი... ოთხ წელიწადში ადამიანმა შეიძლება რაღაც მაინც დაიმსახუროს. მე კი არაფერი დამიმსახურებია.

სიჩუმე.

მომისმინე. მე მინდა, ჩემი გჯეროდეს. მინდა დაგარწმუნო, რომ შენ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. შეგიძლია ყველაფერი აგიხდეს, რასაც მოისურვებ. მთავარია, მენდო. შენ მე ძალიან უნდა მენდო. შეგიძლია? შეგიძლია, ძალიან გიყვარდე?

სიჩუმე.

წარმოიდგინე, რომ ყველაფერი კანონიერია. ყველაფერი ოფიციალურად ხდება. წარმოიდგინე? ახლა დაიჯერე, რომ ჩვენ კანონიერად ვცხოვრობთ. შენთვის ახლა აუცილებელია მონანიება. აღიარება. სინანული. რაღაც გაწუხებს. ვერ გითქვამს. გამოუთქმელი გტანჯავს.

წარმოიდგინე, რომ მე მებრძოლი ვარ. უზენაესი სინათლის მხედარი. ძლიერი პიროვნებები არსებობენ. აი, წარმოიდგინე, რომ ერთი ასეთი პიროვნება მე ვარ. მღვდელი და მებრძოლი ერთ პიროვნებაში, ჩემს პიროვნებაშია. გიჭირს ამის წარმოდგენა? მოიცა, მამაჩემის ფორმას ჩავიცვამ. დაგეხმარები! დამშვიდდები. ამაღლდები. ცოტა იუმორია საჭირო. ყველაფერს იმედით შეხედე. ეს თამაშია. ცხოვრებაც თამაშია.

კარადასთან მიდის, კარს აღებს და მამის უნიფორმას იცვამს. მკერდზე დიდ, მთლად გაშავებულ ვერცხლის ჯვარს იკიდებს. დარაბას აღებს. დარაბის უკან დგება. სიბნელეში დაჩი სანახევროდ მოჩანს, პროფილში. დარაბის მეორე მხარეს ელენე ჯდება. გისოსებს შუა დაჩის ხელზე ეხება. გაუნძრევლად ზის. მერე ლაპარაკს იწყებს. სიტყვებს მშრალად ამბობს:

ვლაპარაკობდით.

პაუზა.

იქაც მხოლოდ შენზე ლაპარაკობდნენ.

პაუზა.

პაუზა.

ყველგან ლაპარაკობდნენ.

პაუზა.

დღესაც.

პაუზა.

მარტო არ დავრჩენილვართ.

პაუზა.

ეს სიგიჟეა.

პაუზა.

ერთმანეთს არასოდეს მივფერებივართ.

პაუზა.

არც გვიფიქრია.

პაუზა.

ახლაც არ ვფიქრობ.

პაუზა.

ეს არ მიყვარს.

პაუზა.

არასოდეს მიყვარდა.

პაუზა.

პაუზა.

არასოდეს მეყვარება.

პაუზა.

ხვალ დავქორწინდებით.

პაუზა.

ყველაფერი კანონიერი იქნება.

პაუზა.

ოფიციალური.

პაუზა.

მწამს.

პაუზა.

უზენაესი.

პაუზა.

კარგია.

პაუზა.

ახლა შენც უკვე დიდი ადამიანი ხარ.

მჯერა.

პაუზა.

ასე.

ხანგრძლივი სიჩუმე.

ოთახი ნისლით ივსება. წყვდიადი დგება.



ფოტო: Rivierafineart.com

16.07.2006

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten