ფიქრები დედამიწისგარეშე ცივილიზაციების (არ)არსებობის შესახებ

ამასწინათ ტელეკომპანია "იმედზე" გასულ ერთ-ერთ სიუჟეტში "გვაუწყეს," რომ დედამიწას უცხოპლანეტელთა 3 ხომალდი უახლოვდება და ისინი 3 თვის შემდეგ იქნებიან ჩვენს ატმოსფეროში. რა ხდება? სად ჯანდაბაში დაიკარგნენ ეს ხომალდები?

ალბათ სააკაშვილის რომელიმე ბენზინგასამართ სადგურზე ჩაასხეს ბენზინი და გაუთავდათ (სიცილი). დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის გარდა სხვაგან სიცოცხლე არ არსებობს. დედამიწის გარდა მთელი დანარჩენი სამყარო აბსოლუტურად სტერილურია, ერთი მიკრობიც კი არსად არის.

რატომ?

იმიტომ, რომ სიცოცხლის წარმოშობის ალბათობა შეუდარებლად უფრო მცირეა, ვიდრე აბილიტაციური ზონების არსებობა სამყაროში. მართალია, სამყარო, მეტაგალაქტიკა ძალიან დიდია, არსებობს კვადრილიონობით აბილიტაციური ეგზოპლანეტა, მაგრამ შანსი იმისა, რომ სიცოცხლე წარმოიქმნას თუნდაც ყველაზე ოპტიმალურ პირობებში, გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე ამ პლანეტების რიცხვი. ეს შეუდარებლად იმაზე მცირე შანსია, ვიდრე ჯეკპოტის მოგების შანსი გექნებოდათ მაშინ, ლატარეის ერთადერთი ბილეთი რომ გეყიდათ და თქვენთან ერთად მთელი პლანეტა თამაშობდეს ამ ლატარეას, მაგრამ ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლებმა ეს არ იციან. სიცოცხლე აბსოლუტურად უნიკალური მოვლენაა, დედამიწა კი ერთადერთი პლანეტა, სადაც არათუ არის სიცოცხლე, არამედ ინტელექტუალური სიცოცხლეც კი არის.

თანამედროვე ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილის შემხედვარეს ალბათ ეჭვი გეპარებათ ამ მოსაზრების სისწორეში...

აჰ, რა თქმა უნდა. მაგრამ საბედნიეროდ გონიერი და კეთილი ადამიანებიც არსებობენ ამ სამყაროში, მათი რიცხვი მართალია, ჯერ კიდევ საკმაოდ მცირეა, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი მაინც არსებობენ. ამიტომ მომავალს მე ოპტიმისტურად ვუყურებ. სიყვარული და თანაგრძნობა უიშვიათესი სათნოებებია, მაგრამ ორივე ეს სათნოება მაინც გაიმარჯვებს საბოლოოდ. ამას მოითხოვს თავად ბუნების კანონები.

ბევრს დღეს რატომღაც მიაჩნია, რომ სიყვარული და თანაგრძნობა ეწინააღმდეგება ადამიანის სექსუალურ ბუნებას, ბევრისათვის ერთის მხრივ, სიკეთე, -- სიყვარული და თანაგრძნობა, მეორეს მხრივ კი, სექსი, ვნება, აბსოლუტურად ურთიერთშეუთავსებელი და ურთიერთსაპირისპირო ცნებებია. რატომ?

იმიტომ, რომ ადამიანებს საუკუნეების მანძილზე არწმუნებდნენ, სექსი ბოროტებააო. ფრანცისკ ასიზელი შიშველი გორაობდა ჭინჭრებში, რათა საკუთარი სექსუალური ლტოლვა დაეთრგუნა, მაჰათმა განდი კი აუღელვებლად შიშველი წვებოდა ასევე შიშველ, ვნებისაღმძვრელ ქალებთან ერთად ერთ საწოლში, რათა საკუთარი რელიგიურობა დაემტკიცებინა (იცინის). ბუდიზმიც საკმაოდ მკაცრი რელიგიაა, მიუხედავად იმისა, რომ ის ქრისტიანობისაგან განსხვავებით სოლოსექსს არ უკრძალავს ბერებს. ამიტომ ბუდისტი ბერები ჭინჭრებში არ გორაობენ, რათა "მაცდური" განდევნონ საკუთარი სხეულებიდან, ისინი სხვა, შედარებით ჰუმანურ გზებს მიმართავენ.

თანამედროვე საქართველოში საკმაოდ ბევრი ათეისტია, რომლებიც სრულიად ასექსუალური ყოფით ცხოვრობენ. რასთან გვაქვს მსგავს ვითარებაში საქმე?

არ ვიცი, მათი ათეიზმი არის უჩვეულო და ჩემთვის ჯერ კიდევ გაუგებარი მოვლენა. მსგავს ადამიანებს განსაკუთრებული ინტერესით ვსწავლობ... ჯერჯერობით კონკრეტული ვერაფერი დავადგინე.

საბჭოთა კავშირიც ათეისტური სახელმწიფო იყო, მაგრამ სექსი აქაც იკრძალებოდა. თქვენი მოსაზრებით რასთან გვქონდა საქმე საბჭოთა კავშირის სახით? როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება აიძულოს არარელიგიური ადამიანი, საკუთარი ნებით უარი თქვას თავისუფალ სექსზე?

საბჭოთა კავშირი იყო განსაკუთრებული და ანალოგის არმქონე მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში, ზუსტად ისეთივე, როგორებიც ქართველი ათეისტები არიან, რომლებთანაც საერთო იმდენივე მაქვს, რამდენიც ღრმადმორწმუნე ორთოდოქს ქართველებთან, ანუ საერთო არაფერი მაქვს. მიმაჩნია, რომ საბჭოთა კავშირი ბოლომდე არ არის შესწავლილი და გამოკვლეული და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, თუ რამხელა საფრთხე ავიცილეთ თავიდან მისი ანიჰილაციის შედეგად. პრობლემას ისიც ართულებს, რომ ჩვენ თითქმის არ მოგვეპოვება მიუკერძოებელი და ცენზურაგამოუვლელი წყაროები სსრკ-ს შესახებ, თუ არ ჩავთვლით ა. ჟიდის, მ. შოლოხოვის, ბ. პასტერნაკისა და ერთ-ორი სხვა ავტორის ნაწარმოებებს. ბერტრან რასელი ერთხელ შეხვდა ლენინს, როცა ლენინი ემიგრაციაში იყო, პირისპირ ესაუბრა მას, ხოლო საუბრის დამთავრების შემდეგ თქვა, რომ ლენინი არის ყველაზე დიდი ბოროტგანმზრახველი იმ ბოროტგანმზრახველთა შორის, რომლებიც კი მას ოდესმე შეხვედრია ცხოვრების მანძილზე. რასელს საკმარისად არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა, ჩვენთვის უცნობია, რაზე ილაპარაკეს რასელმა და ლენინმა ერთმანეთის პირისპირ, რა საკითხებს მოიცავდა ეს საუბარი. მოგეხსენებათ, არაფორმალურ გარემოში ადამიანი სულ სხვაგვარია, უფრო გულწრფელი, ამიტომ სსრკ-ს შესწავლის საქმეს ძალიან დაეხმარებოდა, რასელს მისთვის დამახასიათებელი სენსიტიურობით რომ გადმოეცა ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის შინაარსი, მან კი ეს რატომღაც არ გააკეთა. ეტყობა, იმდენად სკანდალური შეხვედრა იყო, რომ რასელმა სცადა, დაევიწყებინა ის...

საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ საქართველო განაგრძობს სვლას საბჭოთა ინერციით საბჭოთა რელსებზე. 2003 წელს კი ამ საბჭოთა ვაგონს, საქართველოს ახალი, ჰიპერაქტიური ლოკომოტივი გამოუჩნდა მ. სააკაშვილის სახით. როგორ ფიქრობთ, როდის შეძლებს საქართველო დამუხრუჭებას და საბჭოთა რელსებიდან გადასვლას სულ სხვა, დემოკრატიულ მხარეს?

გაბრიელ გარსია მარკესი ამბობდა, დიქტატურის მთავარი საფრთხე იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ის ფიზიკურად ანადგურებს საკუთარ მოწინააღმდეგეებს, არამედ იმაში, რომ ის ხრწნის საზოგადოებას მაშინაც კი, როცა ის აღარ არსებობს. უბედურება იმაშია, რომ ჩვენ ბოლომდე არ გვაქვს შესწავლილი ის მექანიზმები, რის გამოც სოციუმის დეგრადაცია დიქტატურის დასრულების შემდეგაც გრძელდება. თუ მაგ. თქვენ რეკლამას გაუკეთებთ რაიმე ტიპის მომსახურებას ან პროდუქტს, დაინახავთ, რომ რეკლამის შეწყვეტის შემდეგ გარკვეული პერიოდი კიდევ იარსებებს ინერციული მოთხოვნა მათზე, მაგრამ მერე ეს ინტერესი სრულიად შეწყდება. ე. ი. ამ მხრივ მოქმედებს ბუნების ჩვეულებრივი, ცოცხალი სამყაროსათვის დამახასიათებელი კანონები, მაგრამ ეტყობა, დიქტატურა ისეთივე ფენომენია, როგორც სიკვდილი: ის იარსებებს, მოკლავს, ხოლო შემდეგ მკვდარი დაუსრულებლად განაგრძობს ხრწნას და ცვალებადობას პოზიტიურიდან ნეგატიურისაკენ. ამიტომ ერთი რაღაც თამამად შეიძლება ითქვას: პოსტტოტალიტარული საზოგადოებები ჩაკლული ინდივიდებისაგან შექმნილი საზოგადოებებია, ხოლო ეს ინდივიდები მკვდარი სამყაროსათვის დამახასიათებელი სპეციფიკით განაგრძობენ არსებობას...



ფოტო: Getty Images

18.03.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten